“სახელოვნებო კვირეულის” ფარგლებში წერეთლის უნივერსიტეტში
ახალი პოეტური კრებულის “ჭაშნიკი” პრეზენტაცია გაიმართა. კრებული 13 სტუდენტის პოეტურ და პროზაულ ნაშრომებს აერთიანებს. პოეტური ნაწილის ავტორები არიან: ლიკა თეგეტაშილი, ლევან გოგაბერიშვილი, დავით კინწურაშვილი, მიხეილ აბულაძე, ბექა ფოცხვერია, ანა ჯიქია, ანა შვანგირაძე, მარიამ კვანტალიანი, ნოდარ გურგენაშვილი, სპარტაკ გოქაძე, ლოლა დარსაძე, ლილე ბერაძე. პროზაული ნაწარმოებები ვახტანგ ფირცხალავას და ანა შვანგირაძეს ეკუთვნის. სტუდენტებმა კრებულში შესული ლექსები აუდიტორიას თავად გააცნეს.
“ეს ახალგაზრდები ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტები არიან. ზოგი მათგანი ცალკე კრებულის ავტორიც გახლავთ, იბეჭდებიან ლიტერატურულ პერიოდიკაში, არაერთხელ წარმდგარან აუდიტორიის წინაშე. ახლა კი, ერთ გუნდად შეკრულნი, აქაც აჭაშნიკებენ თავიანთ მხატვრულ ხელნაწერს. თითოეულ მათგანზე საუბარი, შორს წაგვიყვანს, არადა ისინი ნამდვილად არიან ყურადღების ღირსი, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ შემოქმედებითი ძიებით არიან გართულნი”,- განაცხადა პოეტური კრებულის რედაქტორმა, ასოცირებულმა პროფესორმა გია ხოფერიამ.
“ჭაშნიკი” უნივერსიტეტის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა ცენტრის შუამდგომლობითა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის დაფინანსებით დაიბეჭდა.