“ქუთაისში საჯარო ლექცია წაიკითხეს პირველ დემოკრატიულ რესპუბლიკაზე, საარჩევნო კანონმდებლობასა და მთელ რიგ საკითხებზე, რათა დაინტერესებული პირებისათვის მიგვეწოდებინა ინფორმაცია რა ხდებოდა ერთი საუკუნის წინ საქართველოში. თუ გადავხედავთ მაშინდელ კანონმდებლობას და დღევანდელს, ასევე ტერიტორიულ მთლიანობას – დღეის მდგომარეობით ბევრად უფრო ცუდი სიტუაცია გვაქვს.”- განაცხადა საია-ს ქუთაისის ფილიალის პროგრამების დირექტორმა ნოდარ ჯიქიამ.
ვერიკოს სკვერში ასევე მსურველთათვის შესაძლებელი იყო სიმბოლურად დამოუკიდებლობის აქტზე ხელის მოწერა. ამ ღონისძიებით სამოქალაქო საზოგადოების რეგიონულმა ქსელმა კვირეული დაასრულა.
საქართველოს ისტორიის უმნიშვნელოვანესი მომენტი 100 წლის წინ ასეთია:
1918 წლის 26 მაისს გოლოვინის პროსპექტზე მდებარე კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში ამიერკავკასიის სეიმის უკანასკნელი სხდომა გაიმართა, რომელმაც ნაშუადღევის 3 საათზე ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა დაშლილად გამოაცხადა. იმავე დარბაზში, ნაშუადღევის 4 საათსა და 50 წუთზე ნოე ჟორდანიას თავმჯდომარეობით საქართველოს ეროვნული საბჭოს სხდომა გაიხსნა. მას 42 წევრი და 36 კანდიდატი ესწრებოდა. ნოე ჟორდანია სიტყვით გამოვიდა და მისი დასრულების შემდეგ წაიკითხა “საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი”. ეროვნულმა საბჭომ დამოუკიდებლობის აქტი ერთხმად დაამტკიცა. ამაზე სხდომაზე დაამტკიცეს სამინისტროების რაოდენობა და მთავრობის პერსონალური შემადგენლობა. ასევე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საქართველოს ეროვნული საბჭოსთვის ეწოდებინათ საქართველოს პარლამენტი.