ევროპის დღეების ფარგლებში იმერეთის რეგიონის მეწარმეებთან
და კოოპერატივების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე მათ DCFTA-ს შესაძლებლობების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია და ყურადღება გაამახვილეს ქალ ფერმერთა გაძლიერებაზე.
“ვფიქრობ, არის ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა. ამ კუთხით ჩვენ მუშაობას აუცილებლად გავაგრძელებთ იმისათვის, რომ ფერმერებმა მეტი ინფორმაცია მიიღონ იმ შესაძლებლობებზე, რასაც DCFTA აძლევთ მათ. ასევე ჩვენ აუცილებლად ვიზრუნებთ მათი საწარმოებისა და პროდუქციის პოპულარიზებაზე. ეს ყველაფერი მათ მისცემთ მოტივაციას და ერთობლივად შევძლებთ სოფლის მეურნეობის კუთხით გარკვეული ძვრები განვახორციელოთ”,- განაცხადა ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა იმერეთში მარიკა ვაჭარაძემ.
მეწარმეებთან შეხვედრას საქართველოს ფერმერთა და სოფლის მეურნეობის მუშაკთა პროფესიული კავშირის პრეზიდენტი ირინე ფხოველიშილი წარუძღვა. მეწარმეებმა საკუთარი პროდუქციის შესახებ ისაუბრეს და იმაზე, რომ აქვთ სურვილი შეძლონ საკუთარი პროდუქცია ევროკავშირის ბაზარზე გაიტანონ, ამისათვის კი მათ სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობა სჭირდებათ.
“უკვე გვაქვს შეფუთვა-დაფასოება, საწარმოო ხაზი ევროკავშირის შესაბამისი. ENPARD ის გრანტი და სახელმწიფო პროგრამების დაფინანსება მიგვიღია. სრული აღჭურვილობა გვაქვს ევროსტანდარტების. პრობლემაა რაოდენობაში, კოოპერატივი ვართ და კიდევ გაფართოება გვჭირდება. გვინდა დავიმატოთ მეფუტკრეები, რომ გავზარდოთ თაფლის რაოდენობა იმ ზომამდე, რომ თუნდაც ევროკავშირის თუნდაც ერთი ქსელისთვის დამაინტერსებელი იქნება და ჩვენთან მოლაპარაკებების დაწყება ისურვებენ. გამოსავალი პროდუქციის გაზრდა და ხარისხის დაცვაა”,- განაცხადა კოოპერატივი “თაფლი საჩინოს” წარმომადგენელმა მინდია ქავთარაძემ.
ევროპის დღეების აღნიშვნა 5 მაისს დაიწყო და 22 მაისამდე გაგრძელდება. მისი მიზანი ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობების, მიმდინარე ინტეგრაციის პროცესის შესახებ საქართველოს მოქალაქეების ინფორმირება და სხვადასხვა სამიზნე ჯგუფების ჩართულო ბის გაზრდაა.
DCFTA საქართველოს აძლევს საშუალებას ეტაპობრივად მიიღოს ევროკავშირის შიდა ბაზრის ოთხი თავისუფლებიდან სამი: საქონლის, მომსახურების და კაპიტალის თავისუფალი გადაადგილება. მეოთხე თავისუფლებას – ადამიანების თავისუფალ გადაადგილებას ხელს უწყობს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესი.