აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს
მსახიობი მურმან ჯინორია და მომღერალი ლაშა ღლონტი ესტუმრნენ. სტუმრებმა აწსუ-ს თანამშრომლებს 3 და 8 მარტის დღესასწაულების მოახლოვება მიულოცეს.
“გადავწყვიტეთ, რომ ყველა ქალბატონისათვის საყვარელი მსახიობი და მომღერალი მოგვეწვია, რომლებიც გაზაფხულის დღესასწაულებს გაულამაზებენ ჩვენს თანამშრომლებს. მინდა აღვნიშნო, რომ ამ ქალბატონების მონდომებით აღწევს უნივერსიტეტი ასეთ წარმატებებს,”-განაცხადა აწსუ-ს რექტორმა გიორგი ღავთაძემ.
მურმან ჯინორიამ მონო-სპექტაკლი “ქარი მწყურია მე, პირდაპირი” წარმოადგინა, ხოლო ლაშა ღლონტმა გაზაფხულისა და ქალბატონებისადმი მიძღვნილი სიმღერები შეასრულა.
“ქართული პოეზია, ქართული ხელოვნება ქუთაისიდან დაიწყო. ხშირად ჩამოვდივარ ამ ქალაქში. დღევანდელი ჩვენი შეხვედრა ჩვენს ქალბატონებს ეძღვნება. ყველაზე კარგი მათთან ურთიერთობაა, რადგან ისინი გაძლევენ სტიმულს გადავიდეთ სხვა მდგომარეობაში. შევეცდებით, რომ ჩვენი დღევანდელი შეხვედრა იყოს დასამახსოვრებელი,”-განაცხადა მურმან ჯინორიამ.
“ჩემთვის გაზაფხული ქუთაისია. წერეთლის უნივერსიტეტში კონცერტის ჩატარება ჩემთვის დიდი პატივია. გარდა ამისა, სცენაზე ისეთ ადამიანთან ერთად გამოსვლა, როგორიც მურმან ჯინორიაა, ჩემთვის უდიდესი გაკვეთილია,”-განაცხადა ლაშა ღლონტმა.
როგორც აწსუ-ში აცხადებენ, გაზაფხულის დღესასწაულებს უნივერსიტეტის ადმინისტრაცია თანამშრომელ ქალბატონებთან ერთად ყოველწლიურად სხვადასხვა ფორმით აღნიშნავს.