ქუთაისში ნავიგაციის პროექტის ფარგლებში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო საველე-აღწერით სამუშაოებს იწყებს.
საჯარო რეესტრის საველე ოპერატორები 9 თებერვლიდან ქუთაისში საზოგადოებრივი მნიშვნელობის ყველა გეოგრაფიული მონაცემს აღწერენ, მათ შორის: გზათა ქსელს, ტრანსპორტის მარშრუტებს, საგზაო მოძრაობის მარეგულირებელ ნიშნებს, გადასასვლელებს, ველო ტერმინალებს, ბენზინგასამართ სადგურებს, კულტურული, რეკრეაციული და ტურისტული თვალსაზრისით მნიშვნელოვან ობიექტებს. აღწერილი მონაცემების ვიზუალიზაციისთვის თანდართული იქნება შესაბამისი ფოტომასალა.
საჯარო რეესტრი საველე-საინვენტარიზაციო სამუშაოების შედეგად მიღებულ გეოგრაფიულ მონაცემებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად დაამუშავებს და ეროვნული სანავიგაციო სისტემის შესაქმნელად გამოიყენებს. ამას გარდა, სააგენტო ინფორმაციას მსოფლიო ლიდერ სანავიგაციო კომპანიებსაც (TomTom, Google) მიაწვდის, რომლებიც მონაცემებს თავიანთ პროდუქტებში: ელექტრონული რუკების მობილურ და ვებ აპლიკაციებში, ავტომობილების ბორტ კომპიუტერებში და სხვა სანავიგაციო სისტემებში ასახავენ.
სანავიგაციო სისტემებსა და ციფრულ რუკებზე გამოსახული ინტერესის ობიექტები ადგილობრივი და უცხოელი ტურისტებისთვის გაცილებით ცნობადი და იოლად მოსაძებნი გახდება, რაც ქვეყნის პოპულარიზაციას, ტურიზმის განვითარებას და ადგილობრივ ბიზნესს შეუწყობს ხელს, ვინაიდან, ეროვნული სანავიგაციო სისტემა ნებისმიერ მომხმარებელს გაუადვილებს ინფორმაციის მოძიებას, ადგილმდებარეობის იდენტიფიცირებას და დანიშნულების ადგილამდე მისასვლელი ოპტიმალური მარშრუტის შერჩევას.
ეროვნული სანავიგაციო სისტემის შექმნისა და განვითარების პროექტზე მუშაობა საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2017 წელს დაიწყო. ამ ეტაპზე ქვეყნის მასშტაბით უკვე დასრულებულია: შავი ზღვის სანაპირო ზოლის, შიდა ქართლის და ქვემო ქართლის მსხვილი დასახლებული პუნქტების, ასევე, შიდასაქალაქო და მაგისტრალური საავტომობილო გზების გარკვეული მონაკვეთების საველე აღწერა. სულ აღწერილია: 1 578 კმ2 არეალი, 66 413 ინტერესის ობიექტი, 42 322 საგზაო ნიშანი, საველოსიპედო ბილიკი – 49 კმ და 7 292 კმ გზათა ქსელი.