ქუთაისში დოკუმენტური ფილმის-“ხმა ამოიღეთ” ჩვენება გაიმართა. ნამუშევარი საქართველოს რეგიონებიდან ძალადობის მსხვერპლი ქალების ისტორიებს აერთიანებს.
სტუდენტებისა და მედიის წარმომადგენლებისათვის შეხვედრა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მოეწყო.
ქუთაისის გენდერის მედიაცენტრის დირექტორის, ქეთევან ბერძენიშვილის განმარტებით, მსგავსი ფილმების ჩვენება და დისკუსიების გამართვა საზოგადოებას შეატყობინებს, რომ ქალებზე ძალადობა დასჯადია.
“შევხვდით მოსწავლეებსა და ჟურნალისტებს. ვაჩვენეთ ფილმი “ხმა ამოიღეთ”, რომელიც ასახავს იმ მწარე რეალობას, რაც საქართველოში სხვადასხვა რეგიონშია. ქალებმა უნდა გამონახონ საკუთარ თავში რესურსი იმისა, რომ მათ მიაკითხონ შესაბამის სტრუქტურებს, რადგან აღარ იყვნენ ძალადობის მსხვერპლი,”-განაცხადა ბერძენიშვილმა.
შეხვედრას სკოლის მოსწავლეებიც დაესწრნენ.
“ფილმი ჩემთვის ძალიან საინტერესოა. ვთვლი, რომ ძალადობის წინააღმდეგ უნდა გავერთიანდეთ,”-განაცხადა ეკა კვიცარიძემ.
ღონისძიება აშშს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მხარდაჭერით გაიმართა.