ქუთაისის პირველ საჯარო სკოლაში ინტერაქტიული გამოფენა
“ეკოაზროვნება – ვისწავლოთ ბუნებისგან” გაიხსნა. გამოფენა გერმანიიდან საქართველოში პირველად ჩამოვიდა და ბუნების სტიქიებთან ერთად ეკოლოგიისა და გარემოსდაცვით საკითხებს აერთიანებს. გამოფენის გახსნას მოწვეულ სტუმრებთან ერთად საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოდან გრაციელა მარია გრინევეგი, საქართველოს გოეთეს ინსტიტუტიდან აიკე პოკრანდტი, საქართველოს ბუნებისა და გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები დაესწრნენ.
“გამოფენის მიზანია ის, რომ გარემოსდაცვითი სწავლების პროცესი სკოლის მოსწავლეებისთვის საკლასო ოთახებს გასცდეს და მიღებული ინფორმაციის საფუძველზე მოსწავლეების ცნობიერება ამაღლდეს, როგორც საბუნებისმეტყველო, ისე ეკოლოგიისა და გარემოს დაცვის საკითხებში”, – აღნიშნა გოეთეს ინსტიტუტის წარმომადგენელმა, გაკვეთილის ექსპერტმა აიკე პოკრანდტმა.
ეკოგამოფენა მოიცავს ოთხ ელემენტს: წყალს, ცეცხლს, მიწას და ჰაერს. თითოეული ელემენტისთვის ცალ-ცალკე საგამოფენო პავილიონია გამოყოფილი მოძრავი სტენდების, ფოტოებისა და ილუსტრაციების სახით, რომელზეც ასახულია ყოველი სტიქიის მნიშვნელობა და სარგებელი. მასშტაბური ინტერაქტიული გამოფენის მიზანია ის, რომ გარემოსდაცვითი სწავლების პროცესი სკოლის მოსწავლეებისთვი საკლასო ოთახებსაც გასცდეს, მოსწავლეების ცნობიერება ამაღლდეს და გარკვეული პროექტები დაიგეგმოს მდგრადი განათლების თემაზე – ბუნება როგორც გარემო, წყალი, საარსებო ნიადაგი, სუფთა კლიმატი, საკვები და ბიომრავალფეროვნება.
ქუთაისის I საჯარო სკოლაში გამოფენა “ეკოაზროვნება – ვისწავლოთ ბუნებისგან” 26 აპრილამდე დარჩება, შემდეგ კი მოძრავი ექსპოზიცია თელავში 4 მაისიდან 10 ივნისის ჩათვლით გადაინაცვლებს.