პროგრამა “აწარმოე საქართველოში” ფარგლებში, ქუთაისში, “კინო საქართველოს” ყოფილ შენობაში “ემოციური ფოტოს” ყუთი გაიხსნა.
ბიზნეს იდეის ავტორი სოფო კუპატაძეა. როგორც მან რადიო “ძველ ქალაქს” უთხრა, იდეის სლოგანია “შეაჩერე წამი, დაიმახსოვრე ემოცია” ადამიანებს ძალიან დაბალ ფასად შეეძლებათ გადაიღონ სურათები, რომელიც ოცდაათი წამის განმავლობაში დაიბეჭდება. ფოტო ყუთს შეუძლია ოთხი სხვადასხვა ემოციის დაფიქსირება, გადაღება შესაძლებელია როგორც ინდივიდუალურად, ასევე მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან, ან ახლობლებთან ერთად – ამბობს სოფო კუპატაძე.
პროგრამა “აწარმოე საქართველოში” ყველა იმ ბიზნეს იდეას განიხილავს, რომელიც მცირე და მიკრო ბიზნესის განვითარებაზეა ორიენტირებული. “წელს 2000-მდე განაცხადი შემოვიდა იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთიდან, მათგან გარკვეულმა ნაწილმა მიიღო დაფინანსება იმ იდეების განსახორციელებლად, რომელიც მეწარმეობის განვითარებაზეა ორიენტირებული. პროგრამაში მონაწილეობა შეეძლოთ როგორც ერთ მეწარმეს, ასევე ორს ან მაქსიმუმ სამს ერთად. მთავარი მოთხოვნა და კრიტერიუმი ბიზნესის მდგრადობა და შემოსავლისუნარიანობაა. მაქსიმალური თანხა ერთ მონაწილეზე, სახელმწიფოს თანადაფინასებით 5 ათასი ლარია” – ამბობს პროგრამის “აწარმოე საქართველოში” მიკრო და მცირე მეწარმეობის ადმინისტრატორი და შიდა მონიტორინგის ოფიცერი – ქრისტინე მაღლაკელიძე.
“ემოციური ფოტოს” გადაღება, ნებისმიერ მსურველს ყოფილი “კინო საქართველოს” მთავარ შესასვლელში მდგარ ყუთში შეეძლება.