ქუთაისის მერიის კულტურის განყოფილების ორგანიზებით
, 23 ნოემბერს 13:00 საათიდან მონ პლეზირის თაღის ტერიტორიაზე შემოდგომის ფესტივალი გაიმართება.
მონ პლაზირის თაღის მიმდებარე ტერიტორია მოირთვება საშემოდგომო თემატიკის შესაბამისად. აივნებზე გადმოიფინება ძველებური ფარდაგები და ხილის გირლიანდები, მოეწყობა ეთნოგრაფიული კუთხეები ურმით, სოფლის ორღობეებით, თივის ზვინებით, თიხის ჭურჭლით, დაწნული კალათებითა და გამოფენილი სოფლის ნობათით. იქვე მოდუღდება თათარა და ამოივლება ჩურჩხელები.
ტერიტორიის ერთ ნაწილში განთავსდება ხალხური რეწვის კუთხე, სადაც მოლბერტებზე წარმოდგენიული იქნება აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის დიზაინის სპეციალობის სტუდენტების მიერ შექმნილი ნამუშევრები.
მონ პლაზირის ერთ კუთხეში ასევე განთავსდება ქუთაისური ქალაქური სალონური ცხოვრების ამსახველი კუთხეები, სადაც მოთავსდებიან ძველებურ კოსტუმებში გამოწყობილი მესხიშვილის თეატრის ახალგაზრდა მსახიობები და შეასრულებენ ქალაქურ რომანსებს დები იშხნელების რეპერტუარიდან.
ღონისძიებას მუსიკალურად გააფორმებს ბავშვთა ანსამბლი “ნაი ნაი”, რომლებიც შეასრულებენ ტრადიციულ იმერულ სიმღერებს და მოსავლის აღებასთან დაკავშირებულ ხალხურ სანახაობებს. დღის დასასრულს კი, მონ პლეზირის თაღის კედელზე პროეცირებული იქნება ძველი ქუთაისის ამსახველი სურათები და გათამაშდება პანტომიმური წარმოდგენა “გალაქტიონი და მუზა”.