პარტიული სიით არჩეულმა დეპუტატობის კანდიდატებმა
ნარკოლოგიური შემოწმება უნდა გაიარონ. აღნიშნულ შემოწმებას “საარჩევნო კოდექსი” ითვალისწინებს, რომლის მიხედვით, კენჭისყრის დღიდან არაუგვიანეს მე-7 დღისა, წინასწარი მონაცემებით, საარჩევნო ზღურბლგადალახული პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების პარტიული სიიდან არჩეულმა პარლამენტის წევრობის ყველა კანდიდატმა ნარკოლოგიური შემოწმება უნდა გაიაროს.
საარჩევნო კანონმდებლობის გათვალისწინებით, თუკი პარლამენტის წევრად არჩეული პირი კანონით დადგენილ ვადაში ნარკოლოგიურ შემოწმებას არ გაივლის და ნარკოლოგიურ შემოწმებაზე უარს განაცხადებს, პარლამენტი ვალდებულია მიიღოს დადგენილება, პარლამენტის წევრის უფლებამოსილების არცნობის შესახებ.
ნარკოლოგიური შემოწმების ჩატარების უფლების მქონე დაწესებულებამ ნარკოლოგიური შემოწმების დამადასტურებელი ცნობა და პარლამენტის არჩეულ წევრთა სია, რომლებმაც ნარკოლოგიური შემოწმება გაიარეს, ცესკოს 22 ოქტომბრამდე უნდა წარუდგინოს.