მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურის
გამართვის საბოლოო ვადა 2 ნოემბერია. პარლამენტის მაჟორიტარული არჩევნები 50%-იანი ბარიერის პირობებში ტარდება. და მეორე ტური ინიშნება მაშინ, თუკი დეპუტატობის კანდიდატი ამომრჩეველთა ხმების ნახევარზე მეტს ვერ მიიღებს.
ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, არჩევნების მეორე ტური 53 მაჟორიტარულ ოლქში გაიმართება. “საარჩევნო კოდექსის” გათვალისწინებით, თუ მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების პირველ ტურში პარლამენტის წევრი ვერ აირჩა, ცესკო პირველი ტურის შედეგების შეჯამებასთან ერთად, არჩევნების მეორე ტურს ნიშნავს, რომელიც იმართება პირველი ტურიდან, არაუგვიანეს 25-ე დღისა.
მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურში ორი კანდიდატი მონაწილეობს, რომლებმაც პირველ ტურში სხვებზე მეტი ხმა მიიღეს. იმ შემთხვევაში, თუ 2-ზე მეტ კანდიდატს ერთნაირი საუკეთესო შედეგი აღმოაჩნდა ან ერთი საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატის მომდევნო რამდენიმე კანდიდატმა ერთნაირი რაოდენობის ხმები მიიღო, მეორე ტურში ყველა ზემოაღნიშნული კანდიდატი იღებს მონაწილეობას.
არჩევნების მეორე ტურში არჩეულად დეპუტატობის ის კანდიდატი ჩაითვლება, რომელიც მეტ ხმას მიიღებს.
მეორე ტური გაიმართება ქუთაისის სამივე ოლქში, რადგან აქ ბარიერი ვერცერთმა კანდიდატმა ვერ გადალახა. ერთ–ერთ ოლქში ბარიერი გადალახა “ქართულმა ოცნებამ” და ნაციონალურმა მოძრაობამ”, მეორე ოლქში “ქართულმა ოცნებამ”, ნაციონალურმა მოძრაობამ” და “თავისუფალმა დემოკრატებმა”, ხოლო მესამე ოლქში “ქართულმა ოცნებამ”, ნაციონალურმა მოძრაობამ” და “პატრიოტთა ალიანსმა”.