საქართველოს მასშტაბით არჩევნების მეორე ტური 53 ოლქში გაიმართება.
აქედან თბილისის 18 და რეგიონების – 35 ოლქში. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უკვე დათვალა და გამოაქვეყნა მაჟორიტარულ ოლქებში არსებული ყველა საარჩევნო უბნის მონაცემები. არჩევნების მეორე ტური ინიშნება ყველა იმ ოლქში, სადაც კანდიდატმა “საარჩევნო კოდექსით” განსაზღვრული 50 %-იანი ბარიერის გადალახვა ვერ შეძლო. ცესკოს მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, საქართველოს რეგიონებში, 51 მაჟორიტარული ოლქიდან არჩევნების მე-2 ტური 35 მაჟორიტარულ ოლქში გაიმართება.
ამ დროის მონაცემებით, მაჟორიტარული არჩევნები პირველივე ტურში დასრულდა 16 საარჩევნო ოლქში. ესენია: სიღნაღი/დედოფლისწყარო 25-ე მაჟორიტარული ოლქი, მარნეულის 35-ე მაჟორიტარული ოლქი, ბოლნისის 33-ე მაჟორიტარული ოლქი, თეთრიწყარო/გარდაბნის ნაწილი 32-ე მაჟორიტარული ოლქი, წალკა/დმანისი/ბოლნისის 34-ე მაჟორიტარული ოლქი, დუშეთი/თიანეთი/ყაზბეგის 38-ე მაჟორიტარული ოლქი, ქარელი/გორის შინდისი, ვარიანის მე-40 მაჟორიტარული ოლქი, ბორჯომის/ (ასპინძა/ახალქალაქის 5 სოფელი) 45-ე მაჟორიტარული ოლქი, ნინოწმინდა/ახალქალაქის 46-ე მაჟორიტარული ოლქი, საჩხერის 53-ე მაჟორიტარული ოლქი, ვანი/ხონის 54-ე მაჟორიტარული ოლქი, სამტრედიის 55-ე მაჟორიტარული ოლქი, ხულო/შუახევი/ქედის 73-ე მაჟორიტარული ოლქი, ამბროლაური/ ონი/ ცაგერი/ლენტეხი/ მესტიის 58-ე მაჟორიტარული ოლქი, ოზურგეთის 59-ე მაჟორიტარული ოლქი და მარტვილი/აბაშის 62-ე მაჟორიტარული ოლქი.
რაც შეეხება დანარჩენ 35 საარჩევნო ოლქს, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, იქ მაჟორიტარული წესით არჩევნების მეორე ტური გაიმართება. აქედან 33 მაჟორიტარულ ოლქში გამართულ მე-2 ტურში “ქართული ოცნებისა” და “ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარობის კანდიდატები მიიღებენ მონაწილეობას, დარჩენილ 2 მაჟორიტარულ ოლქში, კერძოდ, ჭიათურაში ერთმანეთს “ქართული ოცნებისა” და “თავისუფალი დემოკრატების”, ხოლო ხაშურში “მრეწველებისა” და “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატები დაუპირისპირდებიან.