ქუთაისში, “მინიბიბლიოთეკის ყუთი” თეთრ ხიდთან მდებარე ბაღში განთავსდა.
ეს პატარა ხის სახლისავით კონსტრუქციაა რომელიც მოხალისეებმა “ორბელიანი საქართველოს” პლატფორმის ფარგლებში ააწყვეს. მსურველებს შეუძლიათ საკუთარი წიგნების დატოვება, ასევე უკვე დატოვებული წიგნების ადგილზე წაკითხვა ან თხოვება.
“ვფიქრობ ეს პატარა ინიციატივა, ხელს შეუწყობს ქუთაისში მცხოვრები დაინტერესებული მკითხველის გააქტიურებას, ჩვენ სისტემატურად მოვამარაგებთ ამ პატარა ქუჩის ბიბლიოთეკებს ჩვენ მიერ თარგმნილი და გამოცემული წიგნებით, ასევე მოვუწოდებ მკითხველს გაუზიარონ უკვე წაკითხული წიგნები ერთმანეთს”. – აღნიშნა რადარამის დირექტორმა მარიამ ადუაშვილმა ღია ბიბლიოთეკა ქუთაისის გარდა, ასევე უკვე განთავსდა ბათუმში – 6 მაისის პარკში, და ფოთში – მერიის მიმდებარედ და გორში თეატრთან მიმდებარე პარკში. უახლოეს მომავალში კი ასევე განთავსდება თელავში.
“რადარამი” არაკომერციული ორგანიზაციაა, რომელიც ქართულად თარგმნის და გამოსცემს მსოფლიო მასშტაბით აღიარებულ, თანამედროვე არამხატვრულ წიგნებს. მისი მიზანია შეუქმნას ქართველ მკითხველს პირობები, რომ მშობლიურ ენაზე გაეცნოს წიგნებს, რომლებიც აქტუალურ პოლიტიკურ, სოციალურ თუ ეკონომიკურ საკითხებს ეხება, შეიძინოს ისინი ხელმისაწვდომ თანხად და შედეგად მსოფლიოში მიმდინარე დისკუსიაში და პროცესებში ჩაებას.