საარჩევნო ბლოკი”პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის” შესაძლოა გიორგი ვაშაძემაც დატოვოს.
ამის შესახებ ბლოკის ლიდერმა პაატა ბურჭულაძემ გუშინ სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი2”-ის ეთერში განაცხადა. ვაშაძის გადაწყვეტილება ბლოკში დარჩენასთან დაკავშირებით დღეს გახდება ცნობილი.
“გიორგი ვაშაძესთან ჩვენ პრობლემა არ გვაქვს. მან თქვა, რომ სჭირდება დრო მოფიქრებისთვის. მე ძალიან ვაფასებ ამ ადამიანს და მისი ცოდნა, ჩემი აზრით, აუცილებელია გამოადგეს ქვეყანას ისევე როგორც ბატონი ზურაბ ჯაფარიძე. მე ამას ხშირად ვიძახდი და ეს იყო მიზეზი მაშინ როცა ჩვენ გავერთიანდით.”, – განაცხადა გუშინ გადაცემა “არჩევანში” პაატა ბურჭულაძემ.
როგორც მან აღნიშნა , მას არ ჰქონდა საშუალება ვაშაძესთან გასაუბრების და დატოვებს თუ არა ბლოკს მისი პარტია ეს დღეს გახდება ცნობილი. “ხვალ გადაწყდება მისი საკითხი. მე იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება”, -აღნიშნა გუშინ საარჩევნო ბლოკი “პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის” ლიდერმა პაატა ბურჭულაძემ.
გუშინ ახალმა პოლიტიკურმა ცენტრმა “გირჩი” საარჩევნო ბლოკი “პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის” დატოვა.