ფეისბუქი, რომელიც შეშფოთებულია ბოლო ხანს ყალბი ახალი ამბების,
ეგრეთ წოდებული ფეიქ ნიუსების გავრცელების მასშტაბით, მომხმარებელს სპეციალურ რეკომენდაციებს აწვდის. ზოგიერთ მათგანს აქ განვიხილავთ.
მაშ ასე:
ყოველთვის მიაქციეთ ყურადღება პუბლიკაციის წყაროს. ინფორმაციას გამოცდილ და სანდო ვებ-გვერდებზე გაეცანით ხოლმე.
თუ თქვენთვის უცნობ ინტერნეტ-რესურსს გადაეყრებით, ნუ დაიზარებთ, გაეცანით განყოფილებას – „ჩვენს შესახებ“. საეჭვო რეპუტაციის გვერდები იშვიათად აქვეყნებენ დეტალურ ინფორმაციას საკუთარი თავის შესახებ.
თუ სტატიის ავტორი მითითებულია, შეეცადეთ ის ფეისბუქზე მოძებნოთ და დარწმუნდეთ, რომ ნამდვილად არსებობს, ასევე შეგიძლიათ ავტორი დაგუგლოთ და მის სხვა სტატიებსაც გადაავლოთ თვალი.
ყურადღება მიაქციეთ სტატიის სტილისტურ და გრამატიკულ გამართულობას. ხომ არაა შეცდომები, გამორჩენილი სასვენი ნიშნები და ასე შემდეგ. რესპექტაბელური საინფორმაციო საშუალებები ასეთ უხეშ შეცდომებს არ დაუშვებდნენ.