ტერმინოლოგია:

რას ნიშნავს პოლიტიკური ტროლინგი და როგორ გამოვიცნოთ ის?

ბოლო წლებში, ინტერნეტ სივრცეში ფართოდ გავრცელდა ტროლინგის ორგანიზებული სახეობა – ტროლების ჯგუფები, რომლებიც  სხვადასხვა პოლიტიკურ, პროპაგანდისტულ მიზნებს ისახავენ და რომლებსაც  ხშირ შემთხვევაში სახელმწიფო სტრუქტურები აკონტროლებენ.

განსაკუთრებით ფართოდ ამ მეთოდს კრემლი იყენებს, რომელიც ტროლების უზარმაზარ ჯგუფებს აფინანსებს და ამით საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მოხდენას ცდილობს.

საქართველოს შემთხვევაში ტროლინგ-ჯგუფების წევრები ხშირად სახელმწიფოზე მატერიალურად დამოკიდებული და მმართველი პოლიტიკური ძალის მიმართ ლოიალურად განწყობილი ადამიანები არიან. მაგალითად საჯარო სექტორში – სამინისტროებში, საკრებულოებში, მუნიციპალიტეტებსა და  სსიპებში დასაქმებული პირები, რომლებიც წინასწარ შემუშავებული სქემით და მომზადებული გზავნილებით  მოქმედებენ.

მაგალითად, თუ სოციალურ ქსელებში რომელიმე, პოლიტიკურად მნიშვნელოვანი ინფორმაციის ქვემოთ უამრავ კომენტარს შეხვდებით, სადაც ვითომდა აღშფოთებული, ან პირიქით აღფრთოვანებული მოქალაქეები საკუთარ აზრს გამოხატავენ, კომენტარების ლექსიკა, სტილისტიკა და შინაარსი კი ერთმანეთს ძალიან ჰგავს, ან ამ კომენტარებში საეჭვოდ ხშირად მეორდება ერთი და იგივე გზავნილი – უნდა ვივარაუდოთ, რომ ამგვარი აქტიურობა ტროლების ნახელავია.

ტროლების საყვარელი მეთოდია ყალბის ინფორმაციის გავრცელება და მის ირგვლივ აჟიოტაჟის ატეხვა, ან რაიმე კონკრეტული ფაქტის გაზვიადება და საყოველთაო პრობლემად წარმოჩენა. ტროლების საყვარელი თემებია სხვადასხვა ჯგუფების, მაგალითად რელიგიური, ეთნიკური, ან სექსუალური უმცირესობების დემონიზება. პოლიტიკურად არასასურველი პირებისათვის დამამცირებელი იარლიყების მიკერება და ასე შემდეგ.

ხშირად მიმართავენ სერიოზული ამბის გაშარჟების, იუმორში გადაყვანის მეთოდსაც, რისთვისაც სხვადასხვა კარიკატურებს, ქოუბებს და მიმებს იყენებენ ხოლმე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *