ქალბატონი გიზელა ჰაილი ზაარლანდის გერმანულ-ქართული საზოგადოების თავმჯდომარეა.

ზაარლანდის გერმანულ-ქართულ საზოგადოებასა და ქართულ-გერმანულ ცენტრს შორის პარტნიორობის ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებს სამი თვის მანძილზე IX-XI კლასის მოსწავლეების სწავლასა და ცხოვრებას გერმანიაში 2001 წელს გაფორმდა აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობისთვის საუკეთესო მოსწავლეების გამოსავლენად ყოველწლიურად ტარდება შესარჩევი კონკურსი გერმანულ ენაში, რომელსაც ქალბატონი გიზელა ჰაილი ხელმძღვანელობს. დღემდე ამ პროგრამით გერმანიაში ცხოვრებისა და სწავლის შესაძლებლობა 100-ზე მეტ ქართველ მოსწავლეს მიეცა. ქალბატონი გიზელა წარმატებული ადვოკატია, მას საკუთარი საადვოკატო ბიურო აქვს ქალაქ ზაარბრუკენში. ქართულ მხარესთან გაცვლითი პროგრამის ხელმძღვანელობის პარალელურად, ის თავის გერმანელ მეგობრებთან ერთად აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა სახის საქველმოქმედო საქმიანობაში. წლების მანძილზე, გიზელა ჰაილის თაოსნობით სამართლის სპეციალობის ბევრ ქართველ სტუდენტს ჰქონდა პროფესიული პრაქტიკის გერმანიაში გავლის შესაძლებლობა. მისი სახლის კარი კი მუდმივად ღიაა ქართველი ახალგაზრდებისათვის. ქალბატონი გიზელა მრავალმხრივი ნიჭითაა დაჯილდოებული. შესანიშნავად უკრავს, მღერის, დაკავებულია აქტიური სპორტით, ფლობს 6 უცხო ენას. საადვოკატო საქმიანობას ეწევა როგორც გერმანულ ასევე რუსულ და ფრანგულ ენებზე და რაც ყველაზე სასიამოვნოა ის შესანიშნავად საუბრობს ქართულად. 2019 წლის 16 მარტს ქალბატონი გიზელა კვლავ ეწვია ქართულ-გერმანულ ცენტრს და ტრადიციულად უხელმძღვანელა მოსწავლეთა შესარჩევ კონკურსს გერმანულ ენაში. დღეს ქალბატონი გიზელა რადიო “ძველ ქალაქს” ესტუმრა და გადაცემაში “მთელი დღე” მაია სურმავასთან ერთად, სასწავლო პროგრამის შესახებ ისაუბრა.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *