საქართველოში მოქმედი ახალგაზრდული ორგანიზაციები მკაცრად ვგმობთ და ვეწინააღმდეგებით საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ კანონის პროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. ვთვლით, რომ აღნიშნული კანონის მიღება მნიშვნელოვნად დააზიანებს ადამიანის უფლებების, თავისუფლებებისა და საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების კონსტიტუციაში გაცხადებულ კურსს.

საქართველოში მოქმედი ახალგაზრდული ორგანიზაციები მრავალი წელია, აქტიურად ვუწყობთ ხელს ახალგაზრდების განვითარების, აქტიურ მოქალაქეებად ჩამოყალიბების, განათლებისა და კეთილდღეობის შექმნის პროცესებს. გარდა ამისა, სწორედ აღნიშნული ორგანიზაციები ვთავაზობთ ახალგაზრდებს მათთვის უმნიშნელოვანეს სერვისებს, რომლებსაც სამწუხაროდ ისინი სხვა კონტექსტში ვერ იღებენ.

ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროპის კავშირის, ევროპის საბჭოს და მრავალი სხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივი ორგანიზაციის მხარდაჭერილი პროგრამებისა და აქტივობების ფარგლებში:

  1. ახალგაზრდებს ვაძლევთ შესაძლებლობას, მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა საგანმანათლებლო და გაცვლით პროგრამაში, რაც მათი კომპეტენციების განვითარებას უწყობს ხელს;
  2. ვზრდით ახალგაზრდების ახალგაზრდული მუშაკის სერვისებზე ხელმისაწვდომობას, რაც ორიენტირებულია მათი განვითარების, კეთილდღეობისა და აქტიურ მოქალაქეებად ჩამოყალიბების პროცესებში მხარდაჭერაზე;
  3. ახალგაზრდებს ვუჭერთ მხარს დასაქმდნენ, გახდნენ მეწარმეები, დაიწყონ სტარტაპები და განახორციელონ ის იდეები, რომლებიც მნიშვნელოვანია ფართო საზოგადოებისთვისა და სხვადასხვა ჯგუფისთვის;
  4. ვანვითარებთ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს, სკოლებსა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს და ხელს ვუწყობთ სხვადასხვა ხარისხიან საგანმანათლებლო შესაძლებლობაზე ახალგაზრდების ხელმისაწვდომობის გაზრდას;
  5. ვიცავთ ახალგაზრდების უფლებებს, ვაძლიერებთ ევროპულ, ადამიანის ღირსებაზე დაფუძნებულ ღირებულებებს და ვიბრძვით თანასწორობისთვის;
  6. სხვადასხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სერვისს ვთავაზობთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, იძულებით გადაადგილებულ, ძალადობის მსხვერპლ, სოციალურად დაუცველ, განათლებისა და დასაქმების სერვისებს მიღმა დარჩენილ, სხვადასხვა უმცირესობის თემის წევრ ახალგაზრდებსა და ახალგაზრდათა მრავალ სხვა ჯგუფს;
  7. ვმუშაობთ ეთნიკური, რელიგიური და სხვა უმცირესობის წევრ ახალგაზრდებთან სოციალური ინტეგრაციისა და ადამიანის უფლებებზე წვდომის მიმართულებით;
  8. ახალგაზრდებს ვთავაზობთ უფასო ჯანდაცვის, ფსიქოლოგიურ, იურიდიულ, სოციალურ და სხვა მრავალ სერვისს, რომლებიც მათ კეთილდღეობაზეა ორიენტირებული;
  9. ვცდილობთ ახალგაზრდების ხმა, საჭიროებები და ინიციატივები ხმამაღლა ისმოდეს და მიდიოდეს ახალგაზრდების განვითარებაზე პასუხისმგებელ სამთავრობო სტრუქტურებამდე;
  10. და ბოლოს ხელს ვუწყობთ ახალგაზრდები იყვნენ ადამიანის უფლებებზე, თავისუფლებებზე, ღირსებაზე, თანასწორობაზე, კეთილდღეობასა და განვითარებაზე დაფუძნებული ევროპული ოჯახის ღირსეული წევრები.

მიგვაჩნია, რომ კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ არ ემსახურება საქართველოსა და საქართველოს მოსახლეობის საჭიროებებს და შეიცავს ზემოთ ჩამოთვლილი უმნიშვნელოვანეს სერვისებზე, პროგრამებსა და პროექტებზე ახალაგზრდების ხელმისაწვდომობის შეზღუდვის რისკებს, რაც საბოლოო ჯამში ისევ ახალგაზრდებისა და, ზოგადად, ქვეყნის მომავალს დააზიანებს. აღნიშნული კანონის მიღებით, აგრეთვე, საფრთხე შეექმნება ახალგაზრდულ სფეროში თანამშრომლობის პრაქტიკას სამოქალაქო საზოგადოებასა და გადაწყვეტილების მიმღებ სტრუქტურებს შორის, რის შედეგადაც წლების განმავლობაში ახალგაზრდული ეკოსისტემის მშენებლობის პროცესი კიდევ უფრო მეტად დაზიანდება.

გარდა ამისა, მიგვაჩნია, რომ საქართველოში ამ კანონის მიღება მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს მთავარ ფასეულობებს – ღირსებას, დამოუკიდებლობასა და სამოქალაქო სოლიდარობას. საბოლოო ჯამში, კი, აღნიშნული კანონის მიღება მნიშვნელოვნად დაგვაშორებს მრავალი წლის განმავლობაში ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს და ქვეყანას მოაქცევს იზოლაციაში. ამასთანავე, ვთვლით, ამ კანონის აღსრულება შეუძლებელი იქნება საქართველოს ასიათასობით მოქალაქისთვის განუზომელი ზიანის მიყენების გარეშე.

აქედან გამომდინარე, მოვუწოდებთ ავტორებს, გაიწვიონ აღნიშნული კანონპროექტი; მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს, არ დაუჭირონ მას მხარი ; მოვუწოდებთ საჯარო უწყებებს ხმა აიმაღლონ არსებული კანონპროექტის წინააღმდეგ; და ბოლოს, მოვუწოდებთ ახალგაზრდებს, გამოხატოს თავიანთი პროტესტი, რათა არ დავუშვათ აღნიშნული კანონპროექტის მიღება.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *