საპროტესტო აქცია ქუთაისში – ბავშვისა და ოჯახის ინტერვენციის და მხარდაჭერის ცენტრის, „ხიდი სოციალური ინკლუზიისთვის“ თანამშრომლები და ბენეფიციართა მშობლები 2 დღის წინ მომხდარ ძალადობას აპროტესტებენ. 30 იანვარს ცენტრის ერთ-ერთ თანამშრომელს ავტომობილის საცხოვრებელ სახლთან დაპარკინგების გამო მეზობლად მცხოვრები კაცი თავს დაესხა და დაზიანებები მიაყენა.  დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს, ის უკვე გაწერეს.

ორგანიზაციის წევრები ამბობენ, რომ 2021 წლიდან, მას შემდეგ რაც ცენტრმა ახალი ფართი ბესიკის ქუჩაზე იქირავა, ახლომდებარე სახლების მცხოვრებლები უკმაყოფილებას გამოთქვამენ და ქუჩაში, სახლების გასწვრივ ორგანიზაციის თანამშრომლებს და ბენეფიციართა მშობლებს  ავტომანქანების გაჩერებას უკრძალავენ.

 

აქციის მონაწილეები  ორგანიზაციის თანამშრომლის ცემის ფაქტზე დროულ გამოძიებას, ცენტრის დაზარალებულად ცნობას, ორგანიზაციის უსაფრთოების დაცვას და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და მათთან მომუშავე ორგანიზაციების მიმართ დისკრიმინაციიის შეწყვეტას ითხოვენ. ისინი ჯერ ცენტრის შენობასთან შეიკრიბნენ, შემდეგ კი ქუთაისის მერიასთან გადაინაცვლეს.

აქციის მონაწილეები ასევე ამბობენ, რომ ბრალდებულის ოჯახის წევრები მათზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენენ.

,,შშმ პირები მოწყვლად ჯგუფს წარმოადგენენ, მათ განსაკუთრებული მხარდაჭერა სჭირდებათ. დღეს აქ მოვედით, რათა საზოგადოების ცნობიერება ავამაღლოთ და მოვითხოვოთ ჩვენი უსაფრთხოების დაცვა. მუშაობა ვერ განვაახლეთ, რადგან ჩვენზე ფსიქოლოგიური ზეწოლა ხორციელდება. ბრალდებულის ოჯახის წევრები სოციალურ ქსელში მუქარის შემცველ მესიჯებს გვწერენ, დღეს მოგვივიდა სმს, რომ თუ სარჩელს არ გავიტანდით, მუშაობას ვერ განვაახლებდით,’’-ამბობს ორგანიზაციის ხელმძღვანელი ლიკა მხატვარი.

შშს-ში გვეუბნებიან, რომ დეტალებს აზუსტებენ და ინფორმაციას მოგვიანებით მოგვაწვდიან.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *