პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ჟურნალისტებზე
ძალადობა დასაგმობია. მისივე თქმით, ყველა მოძალადის იდენტიფიცირება მოხდება, რისთვისაც შესაბამისი უწყება მუშაობს. განცხადება ღარიბაშვილმა მედიასთან დღეს, 5 ივლისს განვითარებული მოვლენებისა და ჟურნალისტებზე თავდასხმის შესახებ გააკეთა.
“მე მინდა პირველ რიგში გითხრათ, რომ ჩემთვის არის ყოვლად მიუღებელი ის ძალადობა, რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ. მინდა საჯაროდ ეს ფაქტი დავგმო. კატეგორიულად მიუღებელია ის, რაც მოხდა გუშინ. ჟურნალისტებზე ძალადობა არის დასაგმობი. პოლიცია მუშაობს ძალიან აქტიურად. დღეს დილით კიდევ 3 პირი დააკავეს. გუშინაც მოხდა რამდენიმე ადამიანის დაკავება ადმინისტრაციული წესით. ყველა პირის იდენტიფიცირება მოხდება და რა თქმა უნდა, ყველა პირი იქნება დასჯილი, ვინც ეს ძალადობა ჩაიდინა,”- განაცხადა ღარიბაშვილმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დღეს 3 პირი დააკავეს. გასულ ღამეს დაკავებულია 8 პირი.
გამოძიება 154-ე მუხლის მეორე ნაწილით და 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გრძელდება, რაც ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლასა და ძალადობას გულისხმობს.
ჯამში დაშავებულია 53-მდე ჟურნალისტი.
დღეს ქუთაისში ,,თბილისი პრაიდის” გაშუქებისას დაზარალებულ მედიის წარმომადგენლებს სოლიდარობა კოლეგებმა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა გამოუცხადეს.