ქუთაისში მონპლაზირის თაღის მიმდებარედ დაზიანებული
გრანიტის საფარი რეაბილიტირდება. საპროექტო დოკუმენტაციის შესადგენად მერიამ ტენდერი გამოაცხადა. დოკუმენტაციის შედგენის სავარაუდო ღირებულება 2 000 ლარია. წინადადებების მიღება 16 მაისს იწყება და 18 მაისს დასრულდება.
სატენდერო დოკუმენტაციაში წერია, რომ პროექტის ფარგლებში უნდა განხორციელდეს არსებული ქვაფენილის დემონტაჟი, ადექვატური კონსტრუქციის მქონე საფუძვლის მოწყობა ინერტული მასალებისა და მექანიზმების გამოყენებით, არსებული საკომუნიკაციო (ჭების და სხვა) ნაგებობების ამოწევა საპროექტო ნიშნულზე. ქვაფენილის მოწყობა არსებული ფილების გამოყენებით (დაზიანებული ფილების შეცვლა ახლით). მიწისქვეშა კომუნიკაციების (მილების) შეცვლა საჭიროების მიხედვით.
მონპლაზირის თაღის მიმდებარედ დაზიანებული ფილების არსებობაზე მოსახლეობა უკმაყოფილებას ხშირად გამოთქვამს. მათი თქმით, ფილების უმეტესობა აყრილია, წვიმის დროს კი გადაადგილებისას ნაპრალებიდან წყალი ასხამს.
ფოტო: ინტერნეტ სივრცე