EMC ეხმიანება ჭიათურაში, შუქრუთში მდებარე მაღაროში მომხდარ უბედურ
შემთხვევას, რომლის შედეგადაც 46 წლის მაღაროელი გარდაიცვალა და სახელმწიფოს უსაფრთხო შრომის უზრუნველყოფისკენ მოუწოდებს. ორგანიზაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ შრომის უსაფრთხოების წესების დაუცველობის გამო, დასაქმებულები ყოველდღიურად საკუთარ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას რისკის ქვეშ აყენებენ.
“ჭიათურის მაღაროებში დასაქმებული ადამიანების შრომის პირობები წლების განმავლობაში მძიმე რჩება. დაბალი ანაზღაურების პარალელურად, დასაქმებულთა შრომითი უფლებები სისტემატიურად ირღვევა. შრომის უსაფრთხოების წესების დაუცველობის გამო, დასაქმებულები ყოველდღიურად საკუთარ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას რისკის ქვეშ აყენებენ. ჭიათურასა და ზოგადად სამთო-მოპოვებითი ინდუსტრიის კერებში არსებული უმძიმესი, სიცოცხლისთვის საფრთხისშემცვლელი სამუშაო პირობების არსებობას ადასტურებს არაერთი კვლევა. რისკები მნიშვნელოვნად გაიზარდა კორონავირუსის პანდემიის დროს, როცა სამთო-მოპოვებითი ინდუსტრია საკვანძო დარგად გამოცხადდა და იქ დასაქმებულმა მშრომელებმა საგამონაკლისო წესით მუშაობა კარანტინის პირობებშიც განაგრძეს. სახიფათო სამუშაო სპეციფიკისა და პროფესიულ დაავადებებთან დაკავშირებული დამატებითი საფრთხეების მიუხედავად, სამთო-მოპოვებითი ინდუსტრია სახელმწიფოს ყურადღების მიღმა რჩება,”-წერია ორგანიზაციის კვლევაში.
შემთხვევა მიმდინარე წლის 24 აგვისტოს ვაკე ტყე ოთხის მაღაროში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, სამუშაო პროცესის დროს მაღაროელს ტრაქტორმა გადაუარა.
ფოტო: ინტერნეტ სივრცე