ბრინჯაოს ხანის არქეოლოგიური მასალები, საეკლესიო ნივთები,
ქვემო სვანეთის ეთნოგრაფიული ყოფის ამსახველი კოლექცია- ამ და სხვა ექსპონატების ნახვა ლენტეხის მუნიციპალიტეტის მხარეთმცოდნეობის მუზეუმშია შესაძლებელი. თუმცა, საინტერესო ექსპონატების საცავი ვიზიტორების რაოდენობით განებივრებული არ არის. ტურისტები მუზეუმს მაშინ სტუმრობენ თუ ზემო სვანეთიდან გამოიარეს და გზაში შესვენება გადაწყვიტეს.
როგორც მუზეუმის თანამშრომლები ამბობენ, მხარეთმცოდნეობის მუზეუმი ძირითადად სკოლის ბაზაზეა შექმნილი და ექსპონატების უმეტესობას ოჯახიდან შეგროვებული ნივთები წარმოადგენს. მათივე თქმით, ვიზიტორების მოზიდვა მუზეუმისათვის და მხარისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
“ტურისტები ზემო სვანეთიდან ჩამოდიან და ზოგჯერ ისე გაივლიან არც კი შემოდიან. სულ ვამბობთ, რომ უფრო მეტი დაინტერესებაა საჭირო,”-ამბობენ მუზეუმის თანამშრომლები და აღნიშნავენ, რომ მხარეში სხვა ბევრი ტურისტული ადგილიცაა და არსებობს სხვადასხვა თქმულებებიც, რომელთა გამოყენების შემთხვევაში ლენტეხი ვიზიტორებისათვის საინტერესო გახდება.
ლენტეხის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის მეცნიერ-მუშაკი, მერი ქურასბედიანი ერთ-ერთ საინტერესო ტურისტულ სანახაობად ლენტეხში არსებულ სოფელ ბაბილს მიიჩნევს. ქურასბედიანი ბაბილონსა და ბაბილს შორის კავშირზე საუბრობს და ამბობს, რომ შემორჩენილ ძველ ტოპონიმებსა და უძველეს თქმულებებს შესწავლა და გამოყენება სჭირდება.
“ლენტეხში არის სოფელი ბაბილი. ბაბილის თავზე კი მთაა. მთაზე კლდეში ღუზაა. თუ იქ ღუზა იყო ე.ი იყო გემიც. გავიხსენოთ ბაბილონი, ხმელთაშუაზღვა, მესოპოტამია. ბაბილონს სახელი დაერქვა მისი ერთ-ერთი ქალაქის ბაბილის მიხედვით. ბაბილი აქ ვიწროდ დასახლებულ სოფელს ჰქვია, იქ კი სახელმწიფოს ერქვა. უნდა მოვიდნენ სპეციალისტები და შეისწავლონ, ჩვენი იარაღი არის ტოპონიმები. მსგავსი მაგალითი ბევრი შეიძლება მოვიყვანოთ,”-ამბობს მერი ქურასბედიანი.
მუზეუმში ტექნიკური პრობლემაც ბევრია. მთავარ დარბაზში არ არის განათება, ჭერიდან წვიმის დროს წყალი ჩამოდის, არ არის გამართული კონდიცირების სისტემა, ექსპონატები ვიტრინებში არ არის განთავსებული და მასთან შეხება ნებისმიერ სტუმარს შეუძლია.
როგორც მუზეუმის ადმინისტრაციაში აცხადებენ, მათი დაფინანსება მცირეა და ძირითადად თანამშრომლების ანაზღაურებას ხმარდება.