ბატონო ზაზა, თქვენ ხართ საქართველოს ყველაზე ევროპული ქალაქის ხმა პარლამენტში, ამიტომ მოგმართავთ თხოვნით, მხარი არ დაუჭიროთ „უცხოური გავლენის აგენტების” კანონპროექტს.
ეს კანონპროექტი ხელს შეუშლის ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ მომავალს.
ეს კანონი პირდაპირ მიმართულია სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს ერთ ერთი მონაპოვარია და რომლის გასაძლიერებლად ამ 30 წლის განმავლობაში ბევრი შრომაა ჩადებული.
ჩვენი საბჭოთა წარსულიდან გამომდინარე, არსებული მდგომარეობის შეცვლის და დემოკრატიული პოლიტიკური კულტურის ჩამოსაყალიბებლად, დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, მრავალი პროექტი შეიქმნა, მათ შორის არის ქუთაისის დემოკრატიის სკოლა, რომელიც 2012 წლიდან დღემდე, ქუთაისში 200-მდე კურსდამთავრებულს ითვლის.
დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები უამრავ ჩვენს თანამოქალაქეებს ეხმარებიან, მათ შორის არის ქალები, ბავშვები, ახალგაზრდები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, დევნილები თუ სხვა სოციალური ჯგუფები, რომლებიც ღებულობენ სხვადასხვა სერვისს და ძლიერდებიან.
სამწუხაროდ ეს კანონი ესევე ეხება მედია საშუალებებს, სექტორს, რომელიც წარმოადგენს დემოკრატიული სახელმწიფოს განვითარების ქვაკუთხედს. სწორედ ეს სექტორი არის გარანტი იმისა, რომ საქართველოში გამჭირვალობის და ანგარიშვალდებულების სტანდარტი გაიზარდოს.
და ბოლოს მოგეხსენებათ, რომ ქუთაისში დონორი ორგანიზაციების დახმარებით ბევრი რამ გაკეთდა. მათ შორის საჯარო სექტორის სხვადასხვა ინსტიტუციებში. იქნება ეს კულტურა, განათლება, ჯანდაცვა თუ სხვა. ეს ხელშესახები შედეგები აისახა ჩვენს კულტურულ მემკვიდრეობის ძეგლებზე, მონასტრებზე, ჩვენს საგანმანათლებლო თუ სამედიცინო დაწესებულებზე.
ეს ყველაფერი მცირე ჩამონათვალია იმისა, თუ რაც კეთდება დონორი ორგანიზაციების დახმარებით ჩვენს ქალაქში, რეგიონსა თუ მთლიანად ქვეყანაში და ახლა, მათი მხარდაჭერილი სამოქალაქო სექტორის გავლენის აგენტებად გამოცხადება, საფრთხეს უქმნის მათთან სამომავლო თანამშრომლობას და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას.
გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, გთხოვთ, მხარი არ დაუჭიროთ აღნიშნულ კანონპროექტს, რომელიც რუსულ საქმეს გააკეთებს საქართველოში.
აღნიშნულია ალუმნების განცხადებაში