განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

მოგმართავთ ქ. ქუთაისში კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული კატეგორიის ძეგლის XVII საუკუნის მეფეთა რეზიდენციის არქიტექტურული ანსამბლიდან ჩვენამდე მოღწეული ერთადერთი ნაგებობის “ოქროს ჩარდახის” რესტავრაცია-რეაბილიტაციის საკითხთან დაკავშირებით. ძეგლის განსაკუთრებული ისტორიული და კულტურული მნიშვნელობის გამო, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ ოქროს ჩარდახი მდებარეობს ქალაქის უძველეს ისტორიულ ნაწილში, მივიჩნევთ, რომ სარეაბილიტაციო პროცესს წინ უნდა უძღოდეს კომპლექსური კვლევები, ხოლო შერჩეული პროექტის განხილვა უნდა ხდებოდეს სპეციალისტთა და საზოგადოებრივი ჯგუფების ჩართულობით.

ოქროს ჩარდახის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის პროექტმა პროფესიულ წრეებსა და საზოგადოების დიდ ნაწილში ლეგიტიმური კითხვები გააჩინა. ერთ-ერთი პრობლემური საკითხია, რომ, პროექტში მოცემული კონსტრუქციული გადაწყვეტა არ ითვალისწინებს ნაგებობის ჩვენამდე ყველაზე ავთენტური ფორმით მოღწეული პირველი სართულის რიყის ქვით ნაგები კედლებისა და თაღოვანი კონსტრუქციების პირვანდელი სახით შენარჩუნებას. უფრო მეტიც, დაუშვებელია შენობის პირველი სართულის აღნიშნული თაღების შემინვა ლითონის (კერძოდ, ალუმინის) ფანჯრებით. ეროვნული კატეგორიის ძეგლზე ნებისმიერი ტიპის ჩარევა განსაკუთრებულ სიფრთხილესა და ფაქიზ მიდგომას მოითხოვს. ძეგლმა არ უნდა დაკარგოს ის ავთენტური სახე, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია.

სამწუხაროდ, წარმოდგენილ სარეაბილიტაციო პროექტში, ბევრი საკითხი ბუნდოვანია და ჩნდება კითხვის ნიშნები სარეაბილიტაციო პროექტის, როგორც არქიტექტურულ, ისე კონსტრუქციულ ნაწილზე. უფრო მეტიც, არის შეუსაბამობა და გარკვეული კონფლიქტი „ოქროს ჩარდახის“ რესტავრაცია – რეაბილიტაციასთან საკითხთან დაკავშირებით. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ წინასწარ მოფიქრებული და განსაზღვრული უნდა იყოს შენობის სამომავლო ფუნქცია (ისტორიულ-არქიტექტურულ კვლევაში მხოლოდ სარეკომენდაციო ნაწილშია გაკვრით ნახსენები მუზეუმი). ნებისმიერ შენობას, მით უმეტეს ისტორიულს, სჭირდება ფუნქციასთან ადაპტაცია, საჭიროებებისამებრ დაგეგმვა და აღჭურვა. ფუნქციის მოგვიანებით განსაზღვრა აუცილებლად მოითხოვს მის არქიტექტურულ სახეში ხელმეორედ ჩარევას, რაც, სხვა თუ არაფერი, დამატებით თანხებთან იქნება დაკავშირებული.

ოპტიმალურად მიგვაჩნია, დროებით შეჩერდეს “ოქროს ჩარდახის” სარეაბილიტაციო- სარეკონსტრუქციო სამუშაოები, მანამ, სანამ არ დაზუსტდება ძეგლის ავთენტურობის შენარჩუნებისთვის საჭირო ყველა დეტალი და რესტავრაციის ზუსტი მეთოდიკა.

პროექტის განხორციელებაში ჩვენ ვხედავთ ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს პასუხისმგებლობას და საზოგადოებასთან თანამშრომლობის აუცილებლობას. როგორც ჩვენთვის ცნობილია, ქალაქ ქუთაისის სამომავლო გენგეგმის კონცეფცია გულისხმობს ქუთაისის, როგორც კულტურული და ტურისტული მიზიდულობის ცენტრად ჩამოყალიბებას. ასევე, ევროკავშირის პროექტის EU4Culture კონკურსის ფარგლებში ქუთაისის მერია მუშაობს ქუთაისის კულტურის განვითარების სტრატეგიაზე. ამ მიზნების წარმატებით განხორციელებისთვის უმნიშვნელოვანესია, რომ ქუთაისის კულტურული მემკვიდრეობა იყოს ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხი, ხოლო მემკვიდრეობის პოლიტიკა განხორციელდეს საზოგადოებრივი და პროფესიული წრეების ფართო ჩართულობით.

იმედს ვიტოვებთ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობით გამჭვირვალედ და საზოგადოებრივი ჯგუფების ჩართულობით წარმართავს კულტურული მემკვიდრეობის პოლიტიკას. გთხოვთ, უზრუნველყოთ დაგეგმილი რესტავრაცია – რეაბილიტაციის პროექტის განხილვა და სამუშაო შეხვედრის გამართვა პროექტში ჩართული სპეციალისტების, პროფესიული წრეების, საკითხით დაინტერესებულ საზოგადოების ფართო ჯგუფების მონაწილეობით. მაღალი საჯაროობა, მოქალაქეთა ჩართულობა გაზრდის პროცესების მიმართ სანდოობას. ასეთი შეხვედრა შესაძლებლობას მოგვცემს ერთად განვიხილოთ რეაბილიტაციის პროცესი, სარესტავრაციო მეთოდიკა, რეკომენდაციები, რომლის მიხედვითაც გადაიხედება და დაკორექტირდება კონსტრუქციული გამაგრებისა და რესტავრაციის პროექტები.

ჩვენ გვჯერა, რომ ღია დისკუსიით და პროცესის გამჭვირვალობით შევძლებთ ამ საკითხზე კონსენსუსის მიღწევას და ეს იქნება მონაწილეობითი დემოკრატიის მაგალითი ქალაქ ქუთაისში.

გთხოვთ, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა ჩაგვინიშნოთ ათი სამუშაო დღის ვადაში.

პატივისცემით,

საინიციატოვო ჯგუფი “ოქროს ჩარდახი“

ოქროს ჩარდახის გადასარჩენად (google.com)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *