სამოქალაქო მოძრაობის ,,შინ ევროპისკენ’’ წევრებს, რომლებიც ევროინტეგრაციის საკითხზე მსჯელობის მიზნით ხონში ჩავიდნენ, ღონისძიების ჩატარების საშუალება არ მიეცათ.
მოძრაობის წევრებს, ქალაქის ცენტრალურ სკვერში, რადიკალურად განწყობილი ადამიანები დახვდნენ და და საინფორმაციო კამპანიის გამართვის შესაძლებლობა არ მისცეს. ადგილობრივებმა მათ შორის ხონის მერიის თანამშრომლები ამოიცნეს.
,,ამ ადამიანებმა მოსახლეობასთან საუბრის საშუალება არ მოგვცეს. მათი მხრიდან იყო ხმამაღალი საუბარი, რომ რასაც ვაკეთებდით, არ უნდა გაგვეკეთებინა. გვეუბნებოდნენ, ჩვენ ისედაც ევროპა გვინდა და თქვენი მოწოდება არ გვჭირდებაო. მათი მიზანი ჩვენთვის ხელის შეშლა იყო,’’-ამბობს ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს’’ წარმოამდგენელი და მოძრაობა ,,შინ ევროპისკენ’’ წევრი, ლელა მოწონელიძე.
რადიკალურად განწყობილი ადამიანები ამტკიცებდნენ, რომ მათი არჩევანი ევროპაა, მაგრამ ამ ტიპის კამპანიას არ მიესალმებიან, რადგან ის ,,ნაციონალური მოძრაობის’’ მიერ არის დაგეგმილი.
,,შვებას არ აძლევთ ხელისუფლებას, თქვენ ხართ პოლიტიკური პარტია ,,ნაციონალური მოძრაობის” დავალებას ასრულებთ’’-მიმართეს მოქალაქეებმა მოძრაობის წევრებს.
სამოქალაქო აქტივისტებზე ხელის შეშლა სცადეს 29 ივნისს ქუთაისშიც, სადაც სამოქალაქო მოძრაობის წევრებს რამდენიმე ადამიანი საზოგადოებასთან საუბრის შესაძლებლობას არ აძლევდა. ასევე, 28 ივნისს, ,,ნაციონალური მოძრაობის’’ ქუთაისის საკრებულოს წევრებს, რომლების საინფორმაციო ბუკლეტებს არიგებდნენ, 40-მდე ადამიანი დახვდა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ,,ნაციონალური მოძრაობის’’ წევრებმა პროვოკატორებში ქუთაისის მერიის ააიპების თანამშრომლები ამოიცნეს და მათი სახელები და გვარებიც დაასახელეს.
იმერეთის გარდა, ევროპული კამპანიისთვის ხელის შეშლის და კამპანიის მონაწილეებზე თავდასხმის ფაქტები დაფიქსირდა საქართველოს სხვა რეგიონებშიც.