ქუთაისში სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ფორუმი მიმდინარეობს.
ფორუმის ორგანიზატორები არიან: იმერეთის რეგიონული ჰაბი-ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო და ქუთაისის განათლების, განვითარების და დასაქმების ცენტრი.
ფორუმის მიზანი იმერეთის მასშტაბით სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება, დონორების მოზიდვა და მოხალისეობის პოპულარიზებაა.
ფორუმზე ისაუბრეს რეგიონში არასამთავრობო სექტრის განვითარებაზე, ასევე, ადგილობრივი თვითმმართველობის მხრიდან გრანტების გაცემის შესახებ კანონში ცვლილებების აუცილებლობაზე. გაიმართა დისკუსია. უკვე შემდეგ ნაწილში დონორებმა თავიანთი პროექტები წარადგინეს, რითაც ადგილობრივ ორგანიზაციებს სხვადასხვა პროექტის ფარგლებში დაფინანსების შესაძლებლობა მიეცემათ.
ფორუმს დაესწრნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები იმერეთის 12-ივე მუნიციპალიტეტიდან, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, მოსწავლეები, სტუდენტები და სხვა.
,,დისკუსია გამოიწვია სახელმწიფო დაფინასების საკითხმა. საუბარი იყო იმაზე, რომ კანონში უნდა შევიდეს შესაბამისი ცვლილება, რაც ადგილობრივ თვითმმართველობას საშუალებას მისცემს გასცეს გრანტები და ხელი შეუწყოს საინიციატივო ჯგუფებს. ეს რეგიონს განავითარებს,’’-ამბობს ქუთაისის განათლების, განვითარების და დასაქმების ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ნათია ნამიჭეიშვილი.
ფორუმზე , ასევე, გამოფენილია სხვადასხვა ორგანიზაციების მუშაობის ამსახველი სურათები და სხვადასხვა მასალა. ორგანიზაციები დაინტერესებულ პირებს საკუთარ ორგანიზაციაში მოხალისედ მუშაობას სთავაზობენ.
,,წარმოდგენილი გვაქვს ისტორიები იმის შესახებ, რა აქტოვობები განახორციელა ჩვენმა ორგანიზაციამ მოსახალისეების მეშვეობით. მოხალისეობის ხელშეწყობა მნიშვნელოვანია, რადგან ეს ხელს უწყობს ორმხრივ თანამშრომლობას და ახალგაზრდების განვითარებას, მათი შესაბამისი უნარებით აღჭურვას. ჩვენმა ორგანიზაციამ შექმნა მოხალისეობის ციფრული პლატფორმა, სადაც ადამიანებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ და გახდნენ მოხალისეები.მათი ისტორიები ინახება, გენერირდება და შემდეგ ახალგაზრდებს შეუძლიათ განხორციელებული აქტივობები რეზიუმეში მიუთითონ,’’-ამბობს განათლების, განვითარების და დასაქმების ცენტრის ადმინისტრატორი, ავთანდილ მაჩიტაძე.
შეხვედრა პროექტის ,,სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა’’ ფარგლებში გაიმართა. პროექტი ევროკავშირისა და კორნარდ ადენაუერის ფონდის მიერ არის მხარდაჭერილი.