ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში იდეათონის კონკუსის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა.
იდეათონის კონკურსის ფარგლებში ახალგაზრდებს საშუალება აქვთ ქალაქის თვითმმართველობას საკუთარი იდეები წარუდგინონ. შეირჩევა 6 იდეა, გამარჯვებულ ჯგუფებს კი ფულადი პრიზები გადაეცემათ.
გამარჯვებული იდეები ასევე აისახება ქალაქის კულტურის განვითარების სტრატეგიაში.
,,თემატიკა შეუზღუდავია. ახალგაზრდებს შეუძლიათ ნებისმიერ თემაზე წარმოგვიდგინონ იდეები. ჩავთვალეთ, რომ არ იყო ჩარჩოები საჭირო, ამიტომ ნებისმიერი სახის იდეას განვიხილავთ, იქნება ეს კულტურა, გარემოს დაცვა თუ სხვა. 18 იდეას შევარჩევთ, 18 ადამიანი კი სამკაციან ჯგუფებში გადანაწილდება და აქედან 6 იდეაზე ვიმუშავებთ. ეს იდეები კი კულტურის განვითარების სტრატეგიაში აისახება. მაისის ბოლომდე უნდა წარვადგინოთ კულტურის განვითარების დოკუმენტი, რათა მონაწილეობა მივიღოთ კონკურში, რომელშიც ასევე ფოთი და ზუგდიდი მონაწილეობს. გამარჯვების შემთხვევაში ქალაქი 300 ათას ევროს მიიღებს. ეს თანხა, რა თქმა უნდა, საკმარისი არაა, რომ გეგმაში გაწერილი აქტივობები განვახორციელოთ, მაგრამ მუნიციპალიტეტიც გაიღებს ფულად რესურსს, ’’-ამბობს ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი, პეტრე ადამაძე.
იდეების მიღება 5 აპრილამდე გარძელდება.
პირველ ადგილზე გასულ გუნდს 1500, მეორე ადგილზე გასულს– 900, ხოლო მესამე ადგილზე გასულ გუნდს 600 ლარი გადაეცემა.
იდეათონის კონკურსი #EU4Culture-ის პროექტის ფარგლებში, ქუთაისის მერიისა და მისი პარტნიორების მხარდაჭერით აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში 14-15 აპრილს გაიმართება.