ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში აფხაზეთის ომის მონაწილე ჟურნალისტებთან შეხვედრა გაიმართა.
ლია ხარაბაძემ და ნინო ძოწენიძემ ომის პერიოდი გაიხსენეს, ასევე უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურნენ და აღნიშნეს, რომ სამწუხარო რეალობაა, რომ ომი 21-ე საუკუნეშიც მიმდინარეობს.
შეხვედრას ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტები და ჟურნალისტები ესწრებოდნენ.
,,უმძიმესი წლები იყო, ეს იყო ფრონტზე ცხოვრება , დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში, ფაქტობრივად, 24 საათის განმავლობაში ვმუშაობდით. ქაოსური დღეები იყო. ცხელ წერტილებში ხშირად ვყოფილვართ. ბევრი ჩვენი კოლეგა სიკვდილს ძლივს გადაურჩა. განსაკუთრებით მინდა დიანა ციბაძე გავიხსენო, რომელიც უძლიერესი ომის ჟურნალისტი იყო. მინდა მის ხსოვნას პატივი მივაგო,”-ამბობს მაშინდელი პირველი და მეორე არხების კორესპოდენტი ნინო ძოწენიძე.
,,რთული დღეები იყო, არ ვიცოდით რა გაგვეკეთებინა, მაინც ვახერხებდით ჩვენი საქმის კეთებას. დღეს ომის ჟურნალისტებს ბევრად მეტი ინფორმაცია აქვთ როგორ გააშუქონ საომარი ვითარება,”-ამბობს გაზეთ ,,ქუთაისის” მაშინდელი შტატგარეშე კორესპოდენტი ლია ხარაბაძე.
შეხვედრა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ორგანიზებით, ,,მარტი -ქალთა თვის” ფარგლებში შედგა.