რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, ეკონომიკის სამინისტრო წყალტუბოს სანატორიუმების გასასხვისებლად ემზადება.
მინისტრის განცხადებით, წყალტუბო თანამედროვე ტიპის საკურორტო ქალაქი იქნება. ამასთან, უწყების მიერ მომზადებული წყალტუბოს განვითარების კონცეფცია გარემოსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვას ითვალისწინებს.
“წყალტუბო ნამდვილად არის კარგი მაგალითი, რომლის პირობებშიც შემუშავდა სივრცითი დოკუმენტის კონცეპტუალური პროექტი, რომელშიც ჩართულები იყვნენ იტალიური და ქართული წარმატებული კომპანიები. მართლა ძალიან კარგი დოკუმენტი გამოვიდა. აღნიშნული კონცეპტუალური დოკუმენტი იმის საფუძველია, რომ ერთიანი ხედვის ფარგლებში მოხდეს სანატორიუმების შემდგომი განვითარება. ეკონომიკური ნაწილიც დამუშავდა სწორედ ამ კონცეფციის ფარგლებში. ამ დამუშავებული ეკონომიკური ნაწილის საფუძველზე უკვე ეკონომიკის სამინისტრო ამზადებს შესაბამის ქონებებს გასასხვისებლად, რომლის ფარგლებშიც შესაბამისი კონცეპტუალური მაღალი დონის სასტუმროები გვექნება”, – აცხადებს ირაკლი ქარსელაძე.