ქუთაისი მერიამ გასცა ნებართვა – გაპონოვის ქუჩაზე აშენდეს სამ სართულიანი, მრავალფუნქციური შენობა.

როგორც საინფორმაციო დაფაშია აღნიშნული,  ნებართვა გაცემულია ქუთაისის მერიის არქიტექტურის, ურბანული დაგეგმარებისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის მიერ.

ადგილი, სადაც შენობა უნდა აშენდეს, საბავშვო სკვერის ტერიტორიაზეა და სააპელაციო სასამართლოს ესაზღვრება. ამასთანავე, მოპირდაპირე მხარეს ებრაელთა სინაგოგა და სხვა კულტურული ძეგლებია.  პროექტი ითვალისწინებს სამ სართულიან, მრავალფუნქციური შენობის აშენებას. დამკვეთი შპს „ახალი დეველოპმენტია“.
მშენებლობა 18 თვეში უნდა დასრულდეს.



გაპონოვის ქუჩის მაცხოვრებლები დაგეგმილ მშენებლობას ეწინააღმდეგებიან.  ისინი ამბობენ, რომ კულტურული მემკვიდრეობის უბანში, სადაც სინაგოგა და სხვა ისტორიული მნიშვნელობის ძეგლებია, მრავალსართულიანი შენობა არ უნდა აშენდეს. მათი თქმით, მათ მიმართეს ქალაქის მერიას მშენებლობის ნებართვის დოკუმენტის გამოსათხოვად და დაგეგმილ მშენებლობის საკითხზე რეაგირება კულტურის საგენტოსგანაც მოითხოვეს. ადგილობრივები ამბობენ, რომ მშენებლობის ნებართვას სასამართლოში გაასაჩივრებენ და მასშტაბურ საპროტესტო აქციას აანონსებენ.

„ჩვენ რათქმაუნდა, ვაპროტესტებთ ამ მშენებლობას.  მივმართეთ ქალაქის მერიას, გაგვცეს პასუხი, ვის სახელზეა ეს ადგილი და როდის არის მშენებლობის ნებართვა გაცემული. ვაპირებთ, ამ ნებართვის სასამართლოში გასაჩივრებას.  აქ არ უნდა აშენდეს მრავალფუნქციური, მრავალსართულიანი კორპუსი. აქ არის სკვერი და უნდა დაუბრუნდეს ამ ადგილს სკვერის სტატუსი. ირგვლივ ყველა შენობა კულტურული ძეგლია, ეს არის ისტორიული უბანი, სააპელაციო სასამართლოც კულტურული ძეგლია და ამ ობიექტებს შორის 20 ნაბიჯიც კი არ არის. ჩვენ კულტურის საგენტოსაც მივწერეთ და სასწრაფო რეაგირებაც მოვითხოვეთ.“ – ამბობს ნორიკო მურღულია, იურისტი და გაპონოვის ქუჩის მაცხოვრებელი.

გაპონოვის ქუჩაზე სამი სინაგოგაა და სხვა ძეგლებია.  ე.წ. ებრაელების უბანში ყოველ ფეხის ნაბიჯზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი გვხვდება. რამდენი თვის წინ, ამავე ქუჩაზე გაზის გაჟონვის შედეგად კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე სახლი ჩამოინგრა, რომლის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთის თანხა მერიას სახლის პატრონისთვის ჯერაც სრულად არ ჩაურიცხავს. ამავე უბანში კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე სახლის ფასადი მწვანედ შეღებეს და რეაგირება არც ადგილობრივ ხელისუფლებას  და არც კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს არ ჰქონია. 

გაპონოვის ქუჩაზე დაგეგმილი შენობის პროექტის განხორციელების შემთხვევაში, დაიფარება სააპელაციო სასამართლოც, სინაგოგის მოპირდაპირე მხარეს, კი  თანამედროვე ნაგებობა ქალაქის ისტორიულ-ურბანულ სივრცეში უხერხული წარმონაქმნი იქნება, რომელიც ამ უბნის კულტურულ იერ-სახეს მკვეთრად შეცვლის. 

ფოტო: მარიტა ტყეშელაშვილი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *