ექიმმა-ნევროლოგმა ანა ლაბაძემ კოვიდგადატანილი ადამიანებში გამოვლენილი ნევროლოგიური და სხვა სახის პრობლემების შესახებ ისაუბრა.
მისი განმარტებით, პოსტკოვიდური სინდრომი წარმოადგენს სიმპტომების ერთობლიობას, რომელიც ვირუსის გადატანის შემდგომ ვითარდება ადამიანებში, მაგალითად: თავის ტკივილი, თავბრუს ხვევა, ყნოსვის და გემოვნების დარღვევა, წონასწორობა-კოორდინაციის დარღვევა და ა.შ.
,,მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული სიმპტომები ჯერ კიდევ კვლევის პროცესშია, ცნობილია, რომ ძირითადად მათ განვითარებაში დიდ როლს თამაშობს იმუნური, მეტაბოლური და ასევე ნერვული დარღვევების შედეგად არსებული ცვლილებები. რაც შეეხება უშუალოდ ნევროლოგიურ სიმპტომებს, რაც პოსტკოვიდურ სინდრომს ახასიათებს, ეს არის ყველაზე უფრო ხშირად გამოხატული ქრონიკული დაღლილობის სინდრომი, როდესაც ადამიანებს მიუხედავად იმისა, რომ ვირუსი უკვე მათ ორგანიზმში აღარ არის, ხშირად ახასიათებთ კუნთების ძლიერი ტკივილ, ასევე ძლიერი სისუსტე კუნთების, უხასიათობა, უგუნებობა, დეპრესია, უხალისობა და რაც მათ ყოველდღიურ საქმიანობაში უშლის ხელს. ასევე ხშირ სიმპტომს წარმოადგენს თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, წონასწორობა-კოორდინაციის დარღვევა და ყნოსვის და გემოვნების დარღვევა,’’-ამბობს ანა ლაბაძე.
გარდა ამისა, ანა ლაბაძის თქმით, პოსტკოვიდურ პერიოდში შეიძლება უფრო რთული დაავადებებიც აღმოაჩნდეთ პაციენტებს ნევროლოგიური კუთხით, როგორიც არის იშემიური ინსულტი.
ესენი არიან პაციენტები, რომელთაც ისედაც ჰქონდათ გარკვეული გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, რომელიც წარმოადგენდა წინაპირობას ინსულტის განვითარების, თუმცა შეიძლება ვთქვათ, რომ სწორედ კოვიდი იყო ამ შემთხვევაში გამშვები მექანიზმი, რომელმაც დაავადების განვითარება გამოიწვია“, – განმარტავს ანა ლაბაძე.