ბრიუსელში სამუშაო ვიზიტით მყოფმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა შეხვედრა გამართა კვლევებისა და
ინოვაციების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის გენერალურ დირექტორთან, ჟან-ერიკ პაკესთან და მასთან ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ახალ ჩარჩო პროგრამა Horizon Europe-ში ასოცირების საერთაშორისო შეთანხმების გაფორმებისა და განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილა.
შეთანხმების საფუძველზე, Horizon Europe-ის პროგრამის კონკურსებში საქართველოს წარმომადგენლები ისარგებლებენ ზუსტად იმავე პირობებითა და უფლებებით, რითაც ევროკავშირის ქვეყნების სამეცნიერო და ინოვაციების სფეროს წარმომადგენლები სარგებლობენ.
უწყებაში ასევე აღნიშნავენ, რომ საქართველოში უახლოეს მომავალში გაიხსნება Horizon Europe-ის ეროვნული ოფისი, რომლის ფუნქცია იქნება ევროკავშირსა და საქართველოს საუნივერსიტეტო საგრანტო ოფისებს შორის მედიაცია და კოორდინირებული მუშაობის უზრუნველყოფა.
„ევროკომისიის გენერალური დირექტორატის გენერალურ დირექტორ ჟან-ერიკ პაკეს მიხეილ ჩხენკელმა განათლების სისტემის მთავარი მეგაპროექტის – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ უნივერსიტეტის იდეისა და კონცეფციის ავტორი ბიძინა ივანიშვილია. სწორედ მისი და მისი ოჯახის უაღრესად მნიშვნელოვანი ქველმოქმედების შედეგად ქვეყანაში გაჩნდა მსოფლიო მასშტაბის აკადემიური და სამეცნიერო-კვლევითი სივრცე. მიხეილ ჩხენკელის შეფასებით, უნივერსიტეტს აქვს სწრაფად მზარდი რეიტინგი. 2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე, საშუალო საკონკურსო ქულის მიხედვით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი სახელმწიფო უნივერსიტეტებს შორის პირველ ადგილს იკავებს.
მიხეილ ჩხენკელმა განსაკუთრებული ყურადღება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში მეცნიერების განვითარების შესაძლებლობებზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ ამ პროცესს განაპირობებს ადრონული თერაპიის ცენტრი, სადაც ონკოლოგიისა და პროტონული თერაპიის მიმართულებით კვლევების წარმოების პროცესში საერთაშორისო სამეცნიერო წრეები ჩაერთვებიან.
სამეცნიერო-კვლევითი პროცესი ადრონული თერაპიის ცენტრში ულტრათანამედროვე ციკლოტრონების შექმნისთანავე დაიწყება, რომელთა დამზადება და აწყობა სიმსივნური დაავადებების პროტონული თერაპიის აპარატურის მწარმოებელ მსოფლიოს წამყვან კომპანიაში (IBA) მიმდინარეობს.
მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ერთი ციკლოტრონი სიმსივნის მკურნალობას მოხმარდება, ხოლო მეორე მხოლოდ კვლევისთვის იქნება განკუთვნილი, რაც განსაკუთრებულ დაინტერესებას იწვევს საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოების მხრიდან“, – ნათქვამია განათლების სამინისტროს ინფორმაციაში.
„ევროკომისიის გენერალური დირექტორატის გენერალურმა დირექტორმა, ჟან-ერიკ პაკემ, თავის მხრივ, მოიწონა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ადრონული თერაპიის ცენტრის კონცეფცია. მისი თქმით, Horizon Europe ხელს შეუწყობს მეცნიერებს საქართველოდან პროფესიულ ზრდაში ევროპელ კოლეგებთან ერთობლივი კვლევებისა და პროექტების განხორციელების გზით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მათთვის, არამედ, ზოგადად, ქვეყანაში მეცნიერების, კვლევისა და ინოვაციების განვითარებისთვის“, – აღნიშნულია განათლების სამინისტროს ინფორმაციაში.