ქუთაისში, ფალიაშვილის ქუჩაზე შენობების ფასადების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
პროექტის ნაწილი წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს, 2022 წელს კი, ფალიაშვილის ქუჩაზე 15-მდე შენობის ფასადი განახლდება. ასევე იგეგმება ტროტუარების, ბორდიურების, გადასასვლელების რეაბილიტაცია.
პროექტის მიხედვით გათვალისწინებულია ცენტრალური ბულვარის რეაბილიტაციაც. ბაღში განახლდება როგორც ინფრასტრუქტურული, ისე დენდროლოგიური კომპონენტებიც.
“განახლებული რეგიონების” პროექტი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივის ფარგლებში ხორციელდება.
როგორც ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი ამბობს, ფალიაშვილის ქუჩაზე ბევრი შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს მიეკუთვნება და რეაბილიტაციის პროცესში ეს ფაქტორი გათვალისწინებულია.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ინიცირებული პროექტი „განახლებული რეგიონები“ აქტიურად მიმდინარეობს ქუთაისში. პროექტი დავიწყეთ ფალიაშვილის ქუჩის შენობების ფასადების რეაბილიტაციით და სულ მალე დასრულდება პირველი შენობის ფასადის სრული განახლება. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამ ქუჩაზე ბევრი შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და მათი რეაბილიტაციის პროცესში ეს ფაქტორი გათვალისწინებულია.”- ამბობს ქალაქის მერი, იოსებ ხახალეიშვილი.