ქუთაისში ქალთა შრომითი უფლებების შესახებ დისკუსია გაიმართა,
რომელსაც სოლიდარობის საერთაშორისო ცენტრის გენდერის რეგიონალური კოორდინატორი პაატა ბელთაძე უძღვებოდა. ძირითადი აქცენტი შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 190-ე კონვენციის თაობაზე იყო დასმული, რაც მიზნად ისახავს დაასრულოს ქალთა მიმართ ძალადობა და შევიწროება სამუშაო ადგილებზე. 190-ე კონვენცია ახლებურად განმარტავს სამუშაო ადგილს და არ შემოიფარგლება მხოლოდ სამუშაო სივრცით. კონვენციის ქვეშ ექცევა სასადილოები, მივლინებები, კორპორტიული და სოციალური ღონისძიებები, სადაც ასევე აუცილებელია დასაქმებულთა უფლებების დაცვა. ასევე, კონვენციის მიხედვით, დამსაქმებელი ვალდებულია უზრუნველყოს თანამშრომლის უსაფრთხო გადაადგილება სამსახურიდან სახლამდე და სახლიდან სამსახურამდე ღამის საათებში. 190-ე კონვენცია საქართველოში რატიფიცირებული არ არის.
,,მნიშვნელოვანი გზავნილი, რაც ამ შეხვედრით გვსურს მოსახლეობას, მთავრობას პარლამენტს გავუგზავნთ, არის ის, რომ უნდა მოხდეს ამ კონვენციის რატიფიცირება. 2019 წელს მივიღეთ შრომის კოდექსი, რაც წინგადადგმული ნაბიჯი იყო. ახლა საჭიროა მოხდეს ამ კონვენციის რატიფიცირება, რათა დავნერგოთ კიდევ უფრო მაღალი სტანდარტი. ეს იქნება ახალი მონაპოვარი შრომით ურთიერთობებში,’’-ამბობს სოლიდარობის საერთაშორისო ცენტრის გენდერის რეგიონალური კოორდინატორი პაატა ბელთაძე.
შეხვედრა ქუთაისის ქალთა კლუბის ორგანიზებით, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრისკენ მიმართული ნარინჯისფერი ორკვირეულის ფარგლებში გაიმართა, რომელიც 25 ნოემბერს დაიწყო და 10 დეკემბერს დასრულდება. ასოციაციასთან ,ქალები რეგიონების განვითარებისთვის’’ არსებული სამივე ქალთა კლუბი კონკრეტული ღონისძიებებით ეხმაურება ქალთა ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას. 30 ნოემბერს შეხვდრა ზუგდიდის ქალთა კლუბში გაიმართა, ხოლო 2 დეკემბერს იგივე ტიპის შეხვედრა და დისკუსია ბათუმის ქალთა კლუბის ორგანიზებით გაიმართება. სამივე შეხვედრას პაატა ბელთაძე უძღვბა. დისკუსია ამერიკის საერთაშორისო სოლიდარობის ცენტრის მარდაჭერით იმართება.