საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ვაქცინაცია საქართველოში სავალდებულო არ გახდება.
მინდა ვთქვა, რომ არ იყოს სპეკულაცია და ასე ვთქვათ, დეზინფორმაციის გავრცელება, ჩვენ ვაქცინაციას სავალდებულოს არ გავხდით. ვაქცინაცია სავალდებულო არ არის და ჩვენს ქვეყანაში იგი სავალდებულო არ გახდება. ეს არის ჩვენი მტკიცე გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილებას არ შევცვლი, – განაცხადა პრემიერმა დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე.
ღარიბაშვილმა მოსახლეობას ვაქცინაციაში აქტიური მონაწილეობისკენ მოუწოდა. მისი თქმით იმუნიზაციის კამპანია ყველა მუნიციპალიტეტში ჩატარდება.
„იმუნიზაციის კამპანია კიდევ უფრო აქტიური გახდება და მთელი ქვეყნის მასშტაბით, ვაქცინაციის სააგიტაციო ღონისძიებები ყველა მუნიციპალიტეტში გაიმართება.
მინდა კიდევ ერთხელ მივმართო ჩვენს მოქალაქეებს, რომ აქტიურად ჩავერთოთ ვაქცინაციაში, ვატაროთ პირბადე და დავიცვათ სოციალური დისტანცია. გავუფრთხილდეთ საკუთარ და ახლობლების ჯანმრთელობას.
რა თქმა უნდა, ჩვენ მოქალაქეებს უნდა ავუხსნათ, დავეხმაროთ, განვუმარტოთ, რომ ვაქცინაცია არის რეალურად პანდემიის დასრულების გამოსავალი და უნდა ითქვას, რომ აცრა გვიცავს სიკვდილისგან. ესაა მთავარი არგუმენტი, რაც უნდა ავუხსნათ ჩვენს თანამოქალაქეებს, ოჯახის წევრებს, – განაცხადა ღარიბაშვილმა.