რიონის ხეობის “მცველები” დღეს ხეობაში
დაბრუნდებიან. როგორც ვარლამ გოლეთიანი ამბობს, მათი სამოქმედო გეგმა ასეთია: 16:00 საათზე თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია გაიმართება, ხოლო შემდეგ კოლონებით რიონის ხეობისაკენ გაემართებიან.
“16:00 საათის შემდეგ მივმართავთ აქ მოსულ საზოგადოებას და კიდევ ერთხელ დეტალურად ავუხსნით ჩვენი ბრძოლის სულისკვეთებას. საკითხის ისტორიას გავაცნობთ კიდევ უფრო მეტ ადამიანს. ამის შემდეგ ჩვენ დავიძრებით რიონის ხეობისკენ. ჩვენვე გავხდებით კანონის მშვიდობიანად აღმსრულებლები. ეს არის უმნიშვნელოვანესი. ჩვენ მშვიდობიანად აღვასრულებთ კანონს და ამით საბოლოოდ დავარტყამთ ბეჭედს იმაზე, თუ რა არის ჩვენი მოტივაცია ამ პროცესში, რომ ჩვენ ვართ ორიენტირებული რომ დავიცვათ ჩვენი საერთო და სახელმწიფო ინტერესი,”-განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.
აქციის მონაწილეები მოითხოვენ, კომპანია “ენკამ” დატოვოს რიონის ხეობა, შეწყდეს ყველა ხელშეკრულება, გადადგეს და პასუხისმგებლობაში მიეცეს ნათია თურნავა, დაისაჯოს ყველა პასუხისმგებელი პირი, გამოცხადდეს მორატორიუმი.