ქუთაისში ჩხობაძის კლინიკის მეხუთე სართულიდან პაციენტი გადახტა.

ის მომხდარიდან ორ საათში გარდაიცვალა.  როგორც კლინიკაში აცხადებენ, 64 წლის მამაკაცი კლინიკაში კორონა ვირუსის დიაგნოზით 15 აპრილს მოათავსეს. მას კუნთებისა და სახსრების ტკივილი, ხველა და 10 პროცენტით ფილტვის დაზიანება აღენიშნებოდა. მამაკაცი პალატაში შვილთან ერთად იყო მოთავსებული. შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა შვილი რამდენიმე წუთით პალატიდან გავიდა. თვითმკვლელობის მიზეზი უცნობია. მომხდარზე ოჯახის წევრები არ საუბრობენ. მომხდართან დაკავშირებით ჩვენ კლინიკის დირექტორს გიორგი ბაბუნაშვილს ვესაუბრეთ.

 

,,დილით ექიმი და ექთანი გეგმიურ შემოვლაზე იყვნენ და მამა-შვილი თავს მშვენივრად გრძნობდა. შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა შვილი საპირფარეშოში იყო გასული. ხმაური რომ ატყდა, შვილმა ეს ამბავი მაშინ გაიგო. პაციენტი ფსიქოტროპულ საშუალებებს არ იღებდა, არც ფსიქიატრიულში ყოფილა აღწერილი. ოჯახის წევრებისთვისაც მოულოდნელი იყო, რაც მოხდა. როგორც ვიცი, სანამ ამ ნაბიჯს გადადგამდა, მანამდე შვილიშვილების მისამართით ზარი განახორციელა,’’-ამბობს გიორგი ბაბუნაშვილი.

გარდაცვლილი ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *