საქართველოში ქუჩაში მოწყალებისთვის გამოსული ბავშვის დანახვა არავის უკვირს.

 

როდის იქცევა ქუჩა ბავშვის თავშესაფრად, რა პრობლემების წინაშე დგანან ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვები და რა კეთდება იმისთვის, რომ ბავშვებს წართმეული ბავშვობა დაუბრუნდეთ? -ამ თემაზე ჩვენ ,,ვორლდ ვიჟენის’’ დღის ცენტრის ფსიქოლოგს და ცენტრის კოორდინატორს ვესაუბრეთ, რომლებიც წლებია საკითხზე მუშაობენ.

 

,,ვორლდ ვიჟენ საქართველო’’ უკვე წლებია აქტიურად მუშაობს ამ ტიპის ბავშვების განათლებაზე, ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და მათ სოციუმში ინტეგრაციაზე. ორგანიზაციის მიუსაფარ ბავშვთა დღისა და 24-საათიანი ცენტრის მომსახურებით დღეს ქუთაისში 26 ბავშვი სარგებლობს. ცენტრის კოორდინატორის, ნანა იდაძის თქმით, ბავშვები ქუჩამდე უმეტესად მძიმე ეკონომიკურ პირობებს მიჰყავს, ამიტომ ორგანიზაცია მუშაობს ოჯახებთანაც და მათ ეკონომიკურ თუ სხვა სახის დახმარებას უწევს.

,,თუ ოჯახში მძიმე პირობებია, მივდივართ და მიგვაქვს სურსათი და სხვა აუცილებელი საშუალებები. ასევე ვატარებთ ტრენინგებს პოზიტიურ მშობლობაზე, რათა გავაძლიეროთ ოჯახები,’’-ამბობს ნანა იდაძე.

ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვები უამრავი პრობლემის წინაშე დგანან: ვერ იღებენ სრულყოფილ განათლებას, არიან ეკონომიკური ძალადობის მსხვერპლი, ვერ ახდენენ სოციუმში ინტეგრაციას…ყველაფერ ამის გამო საჭიროა სხვადასხვა სახის ღონისძიებების განხორციელება, რათა ისინი სრულყოფილ მოქალაქეებად ჩამოყალიბდნენ.

როგორ ხდება ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების დღის ცენტრამდე მიყვანა?

ამისთვის შექმნილია სპეციალური ჯგუფი, რომელიც ქუჩაში სამუშაოდ გადის. საველე ჯგუფი ფსიქოლოგისგან, სოციალური მუშაკისგან და თანასწორგანმანათლებლისგან შედგება. თანასწორგანმანათლებელი ის ადამიანია, რომელსაც იგივე ცხოვრება აქვს გავლილი, რაც ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვებს. საველე ჯგუფი ცდილობს ბავშვებთან კონტაქტის დამყარებას და მათი ნდობის მოპოვებას, რის შემდეგაც ქუჩაში მცხოვრები ბავშვები დღის ცენტრის აღსაზრდელები ხდებიან. თუმცა ამ ტიპის ბავშვების დაინტერესება არც ისე იოლია.

,,ბავშვების ქუჩაში ყოფნის მოტივაცია დიდია, რადგან მათ აქვთ ფულის შოვნის გამოცდილება. იმისთვის, რომ ქუჩაში ყოფნის მოტივაცია აქ ყოფნის მოტივაციით შეიცვალოს, პირველ ეტაპზე ორიენტირებული არ ვართ აკადემიური უნარების განვითარებაზე. თავდაპირველად მათ გასართობ აქტივობებს ვთავაზობთ, ხოლო მას შემდეგ რაც აქაურობა მოეწონებათ და შეეჩვევიან, მერე გადავდივარ აკადემიური უნარების განვითარებაზე, როგორებიცაა: წერა, კითხვა ანგარიშ და .,’’-ამბობს დღის ცენტრის ფსიქოლოგი, ნაზი ვარდოსანიძე.

ფსიქოლოგი ასევე იმ ბარიერებზე საუბრობს, რასაც ამ ტიპის ბავშვები სასწავლო პროცესის დროს აწყდებიან. მისი თქმით, ამ ტიპის მოსწავლეებს ხშირად აქვთ ჩამორჩენა მათ კლასთან შედარებით, შესაბამისად, მუშაობენ სკოლებთან, რომ მასალა იყოს მათ საჭიროებებზე მორგებული.

,,პრობლემაა ის, რომ მათ არ აქვთ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სტატუსი. მართალია ამ ბავშვების დიდ ნაწილს ბიოლოგიური შეფერხება არ აქვს, რომ ეს სტატუსი მივანიჭოთ, მაგრამ იმის გამო, რომ არ დადიოდნენ სკოლებში, უჭირთ მასალის ათვისება. ვმუშაობთ სპეც. მასწავლებლებთან, რომ ამ ბავშვებს გაუადვილონ სწავლა
ამ ტიპის მოსწავლეებს მათემატიკური უნარები უფრო აქვთ განვითარებული, ვიდრე სხვა ტიპის უნარი, რადგან ფულთან აქვთ შეხება. თუ ფულთან დაკავშირებით რაიმეს კითხავთ, უცებ გიპასუხებენ, მაგრამ თუ ეს აბსტრაქტული ციფრები იქნება, დაიბნევიან,-ამბობს ფსიქოლოგი.

მისი თქმით, ბავშვებს, რომლებიც ცენტრში ქუჩიდან მოდიან, რთული სოციალური ქცევები ახასიათებთ, რაც მათ საზოგადოებაში ინტეგრაციას ართულებს, მაგრამ საჭიროა სწორი მიდგომა, რათა ეს ბავშვები საზოგადოების სრულფასოვანი წევრები გახდნენ.

,,თავიდან ვცდილობ ბავშვს ინდივიდუალურად ვესაუბრო, შევაფასო მისი ძლიერი და სუსტი მხარეები. შემდეგ ვმუშაობ ჯგუფთან. ეს ბავშვები უფრო კარგად შედიან კონტაქტში უფროსებთან, ვიდრე ბავშვებთან, რადგან აქვთ განცდა, რომ ვიღაც დააბულინგებს. ბევრ მათგან გადაჭარბებულად დადებითი ემოციებიც აქვს იმ ადამიანების მიმართ, ვინც მათ მიმართ კეთილგანწყობილია. ისინი აქაურობას უფრო ეგუებიან, ვიდრე სკოლას, რადგან აქ ყველა მათნაირია,’’-ამბობს ნაზი ვარდოსანიძე.

წლების წინ ,,ვორლდ ვიჟენ საქართველოს” დღის ცენტრის აღსაზრდელი იყო გელა ხარიტონოვი. ამჟამად ის 25 წლისაა და ამავე ორგანიზაციაში თანასწორგანმანათლებლად მუშაობს. გელა თავდაპირველად, ბავშვთა სახლში იზრდებოდა. ამბობს, რომ ბავშვთა სახლიდან ხშირად იპარებოდა და უმეტეს დროს ქუჩაში ატარებდა. შემდეგ ოჯახში გადაიყვანეს და დღის ცენტრის აღსაზრდელიც გახდა. სკოლაში რთული ქცევებით გამოირჩეოდა, რაც დღეს აღარ მოსწონს. ამბობს, რომ ცხოვრება რადიკალურად შეცვალა და ამით ბედნიერია. როდესაც ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვებთან მუშაობა უწევს, თავისი გამოცდილების შესახებ უყვება და ცდილობს, ცენტრში მისვლაზე დაითანხმოს.

,,როდესაც ველზე სამუშაოდ გავდივარ და ქუჩაში მოწყალების სათხოვნელად გამოსულ ბავშვს ვხედავ, მის გვერდით ვჯდები და იმავე პოზას ვიღებ, რა პოზაშიც ის ზის. ეს ძალიან უკვირთ და თან უხარიათ. ამით ვაგრძნობინებ, რომ მისი თანასწორი ვარ. შემდეგ ვუყვები რა ცხოვრება გავიარე და როგორ მივედი აქამდე. მთავარია მათი ნდობის მოპოვება, რაც მარტივი არაა. ბედნიერი ვარ, რომ შემიძლია სხვისი ცხოვრებაც შევცვალო, ჩემი ცხოვრება უკვე შევცვალე და მჯერა ეს სხვა ბავშვებსაც გამოუვათ,’’-ამბობს გელა ხარიტონოვი.

გელას მსგავსად მძიმე პირობებში ცხოვრობდა ლუიზა გინდაც. სკოლაში არ დადიოდა, არც წერა-კითხვა იცოდა, მაგრამ მას შემდეგ რაც დღის ცენტრის აღსაზრდელი გახდა, სკოლაში სიარულიც დაიწყო და წერა-კითხვაც ისწავლა. ლუიზა ახლა 18 წლისაა. ამბობს, რომ შეიძლება მისი ცხოვრება სხვანაირად განვითარებულიყო და თავის რჩენის ერთადერთ გზად მოწყალების თხოვნა დარჩენოდა.

,,აქ რომ მოვედი, ცოტა აზრზე მოვედი. ვისწავლე რაღაცები. ვინ იცის რა იქნებოდა რომ არ მესწავლა. ალბათ ქუჩაში უამრავ უბედურებას გადავეყრებოდი.’’-ამბობს ლუიზა.

გელა და ლუიზა წარმატებული მაგალითია იმისა, როგორ შეიძლება შეიცვალოს ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების ცხოვრება უკეთესობისკენ. არსებობენ ბავშვები, რომლებიც დღემდე ქუჩაში რჩებიან და თავს მოწყალებით ირჩენენ. დღის ცენტრის კოორდინატორის, ნანა იდაძის თქმით, ქუთაისის მასშტაბით, დაახლოებით, 35-40 ბავშვია, რომლებიც ქუჩაში მოწყალების სათხოვნელად გამოდიან და ისინი უმეტესად აზერბაიჯანის მოქალაქეები არიან.

,,დაწყებულია მუშაობა იმაზე, რომ ეს ბავშვები მოვიყვანოთ ცენტრში და დავუბრუნოთ ნორმალურ ცხოვრებას. ერთი ბავშვი მოვიყვანეთ და აქაურობა მოეწონა, მაგრამ მისმა მეგობრებმა გარიყეს , რადგან მოღალატედ ჩათვალეს. ამას ბავშვმა ვეღარ გაუძლო და წავიდა. ამიტომ მეტი მუშაობა გვჭირდება, რომ ყველა დავითანხმოთ აქ მოსვლაზე,’’-აღნიშნა ნანა იდაძემ.

ორგანიზაციას დაფინასება საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების გარდა ადგილობრივი ბიუჯეტიდანაც აქვს, თუმცა როგორც ორგანიზაციაში ამბობენ, დაფინანსება მცირეა.

მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს წარმატებული მაგალითები, როგორ ცვლიან თავიანთ ცხოვრებას ბავშვები, რომლებიც მძიმე პირობებში ცხოვრობდნენ და მუშაობდნენ, ჯერ კიდევ ვდგავართ პრობლემის წინაშე, რასაც ბავშვების ქუჩაში ცხოვრება ჰქვია.

 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *