ქუთაისში წერეთლის და აღმაშენებლის ქუჩებზე გზის სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო
მოძრაობა ნაწილობრივ შეფერხებულია, რის გამოც მოსახლეობასა და კონკრეტულ მაგისტრალებზე განთავსებულ ბიზნეს ობიექტებს პრობლემები ექმნებათ.
ირაკლი მარგველაშვილი წერეთლის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ მაღაზიაში დასაქმებულია. იმის გამო, რომ კონკრეტულ მონაკვეთზე, სადაც ბიზნეს ობიექტია განთავსებული, მარშუტები არ მოძრაობენ, მაღაზიის მომხმარებელთა რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა, რაც მის შემოსავალზე მძიმედ აისახა.
,,შემოსავალი თითქმის 70%-ით შემცირდა. უმძიმეს მდგომარეობაში ვართ. მაღაზიაში მხოლოდ ადგილობრივები ან მსუბუქი ავტომობილით მომავალი ადამიანები შემოდიან. ადრე მარშუტები მოძრაობდნენ, ხალხი ჩვენამდე მოდიოდა და ასე თუ ისე ნორმალური შემოსავალი გვქონდა,’’-ამბობს ირაკლი მარგველაშვილი.
გზის გაჭიანურებული სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო გადაადგილებაზე პრობლემა ექმნებათ გამვლელებსაც. ვახო ენდელაძე წერეთლის და აღმაშენებლის ქუჩებზე ხშირად გადაადგილდება. იმის გამო, რომ გზის ნაწილი დაკეტილია, გადაადგილება ხშირად ფეხით უწევს, რაც დისკომფორტს უქმნის.
,,ხან ტაქსით დავდივარ, ხან ფეხით, რაც გაცილებით მეტ ფინანსურ და დროის რესურსს მოითხოვს. რას აკეთებენ ყოველ წელს და ყოველ თვეში ვერ გავიგე. გააკეთებენ გზას და ისევ აყრიან. ქუჩაში ვერ გაივლი ისეთი მდგომარეობაა,’’-ამბობს ვახო ენდელაძე.
ქუთაისის მერის, იოსებ ხახალეიშვილის თქმით, ქუჩებზე სარეკონსტრუქციო სამუშაოების გაჭიანურების მიზეზი გზების საფუძვლიანი რეკონსტრუქციაა.
,,მივიღეთ გადაწყვეტილება არ შემოვიფარგლოთ მხოლოდ ქუჩის ზედაპირის რეკონსტრუქციით და საფუძვლიანად გამოვცვალოთ ყველა გაყვანილობა, რომელიც მიწის ქვეშ გადის. აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ გამოიწვია შეფერხებები. წერეთლის ქუჩაზე სამუშაოები გრძელდება და აპრილის ბოლოს პირველი ფენა დაგებული იქნება. საგზაო დეპარტამენტის ინფორმაციით, ივნისის ბოლოს კი სამუშაოები სრულად დასრულდება. რაც შეეხება, აღმაშენებლის ქუჩას, აქ კონტრაქტორ კომპანიას პრობლემები შეექმნა, ამიტომ ვადა 17 აპრილამდე გადაუწიეს. თუ სამუშაოები ამ დროშიც არ დასრულდება, საგზაო დეპარტამენტი ფიქრობს ახალი კონტრაქტორის მოძიებას”,-აცხადებს ქალაქის მერი.
აღმაშენებლის გამზირზე სამუშაოებს ,,აკორდ ჯორჯია’’, ხოლო წერეთელის ქუჩაზე “ბლექ სი ჯგუფი’’ ახორციელებს.