ქუთაისში წელს “გვირილობის” აღსანიშნავი ტრადიციული ღონისძიებები
აღარ გაიმართება. გადაწყვეტილება კორონავირუსის პანდემიის გამო მიიღეს. ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელის, დავით ერემეიშვილის განცხადებით, ჩატარდება რამდენიმე არამასშტაბური ღონისძიება.
“ძვირფასო თანაქალაქელებო! 2 მაისს “გვირილობის” დღესასწაულის აღნიშვნის საუკუნოვანი ტრადიცია წელს, სამწუხაროდ, დაირღვევა. ამ დღისთვის ქუთაისი მთელი წლის განმავლობაში განსაკუთრებულად ემზადებოდა. იგეგმებოდა საინტერესო და მრავალფეროვანი ღონისძიებები, თუმცა პანდემიის და ქვეყანაში არსებული საგანგებო სიტუაციის გამო, ვერ ჩატარდება. მიუხედავად ამისა, იგეგმება რამდენიმე არამასშტაბური სახის ღონისძიება. დარჩით სახლში, რათა მომავალ წელს ერთმანეთის თანადგომით და მხარდაჭერით კვლავ მასშტაბურად აღვნიშნოთ “გვირილობა”,-ნათქვამია განცხადებაში.
ბიუჯეტში “გვირილობის” დღესასწაულის აღსანიშნავად 100 000 ლარი იყო გამოყოფილი.