დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო წყალტუბოში,

ახალაშენებულ კორპუსებში ბინას 140 დევნილ ოჯახს გადასცემს.

ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს განცხადებით, საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით განაცხადი იმერეთის რეგიონში რეგისტრირებულმა 628 იძულებით გადაადგილებულმა ოჯახმა შეავსო. მათ მიერ  წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად, თითოეულ აპლიკანტს წინასწარი ქულა მიენიჭა.

მათი სია სამინისტრომ უკვე გამოაქვეყნა.

,,ბინების რაოდენობისა და კორექტირებული ქულების გათვალისწინებით, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია განსაზღვრავს განაცხადების იმ რაოდენობას, რომლებსაც მონიტორინგის ჯგუფები გადაამოწმებენ.

მონიტორინგის ჯგუფები დევნილი ოჯახების საცხოვრებელ პირობებსა და საჭიროებებს ადგილზე შეისწავლიან. გადამოწმებული განაცხადები, გადაწყვეტილების მისაღებად, დევნილთა საკითხების შემსწავლელ კომისიას წარედგინება.

ბინების განაწილების პროცესი გამჭვირვალედ წარიმართება და მასში ჩართულები იქნებიან სახალხო დამცველის აპარატის, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა წარმომადგენლები.

წყალტუბოში, კიდევ 6 კორპუსის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს, სადაც ბინას, დამატებით, 420 იძულებით გადაადგილებული ოჯახი მიიღებს.”- წერია სამინისტროს განცხადებაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *