შსს-მ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმისა და ე.წ. კომენდანტის
საათის შეზღუდვების დარღვევის 143 ახალი ფაქტი გამოავლინა. პოლიციამ, 9 აპრილის 21 საათიდან 10 აპრილის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 75 მოქალაქე დააჯარიმა. გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო, სულ 42 მოქალაქე დააჯარიმეს. პოლიცია დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად განაგრძობს თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების მკაცრ კონტროლს. ერთობლივი მონიტორინგის შედეგად, თვითიზოლაციის წესების დარღვევის 5 ახალი ფაქტი გამოვლინდა. სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე კიდევ 21 პირი დააჯარიმეს.