ქუთაისის მერიაში ამბობენ, რომ “ტორპედოს” საკითხზე გადაწყვეტილებას 3 თებერვლამდე მიიღებენ.
მერიის იურისტი ირაკლი გიორგაძე აცხადებს, რომ იტალიელ ინვესტორთან ფაბიო მანინისთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. გიორგაძე ამბობს, რომ პროცესები “ტორპედოს” ვალების გამო ჭიანურდება.
“ფაბიო მანინი კისრულობს იმ დავალიანების დაფარვას, რომელიც ფეხბურთელების დავალიანებასთან და ადმინისტრაციის ხელფასებთან არის დაკავშირებული. დანარჩენი ვალები ძველმა ინვესტორმა უნდა გაისტუმროს. ყველანაირად ვცდილობთ, რომ ქალაქს გუნდი შევუნარჩუნოთ,”-განაცხადა ირაკლი გიორგაძემ.
გიორგაძე ამბობს, რომ ძველმა ინვესტორმა ზაალ ჩავავამ დავალიანება აღიარა, თუმცა, არ დაუფარავს. გიორგაძის განმარტებით, ჩაჩავას დავალიანება 1 200 000 ლარს შეადგენს, ხოლო სახელფასო დავალიანება 2 მილიონ ლარამდეა.
რამდენიმე თვეა, “ტორპედოში” ფინანსური კრიზისია. გუნდი ფეხბურთელებმა დატოვეს.