სოფლის მეურნეობის მინისტრმა წყალტუბოში, სოფელ მაღლაკში შპს “ჰერბია” მოინახულა.

სასათბურე მეურნეობაში წელიწადში დაახლოებით 1200 ტ მწვანილი და სხვადასხვა ბოსტნეული მოჰყავთ, რომლის რეალიზაციაც ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე ხორციელდება. საწარმოში 100 ადამიანია დასაქმებული.

“სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად, მივიღეთ გადაწყვეტილება რა მიმართულებით უნდა განვითარებულიყო მეურნეობა. ვფიქრობ, შეცდომა არ დაგვიშვია. გვაქვს განვითარებული მოსავლის აღების შემდგომ მისი მოვლა-პარტონობის პროცესი, რაც მოიცავს პროდუქციის შეფუთვას, გადამუშავებას, ლოჯისტიკასა და დისტრიბუციას. შევქმენით სრული საწარმოო ჯაჭვი. ამ ყველაფრით ევროპის ბაზრის მოთხოვნები დავაკმაყოფილეთ. ყოველ წლიურად გვაქვს გაორმაგებული პროდუქცია და გაყიდვები,”-ამბობს შპს “ჰერბიას” დამფუძნებელი და დირექტორი ზურაბ ჯანელიძე.

წყალტუბოში წარმოებული მწვანილი საექსპორტოდ ბულგარეთში გადის, თუმცა, როგორც შპს-ს დამფუძნებელი ამბობს, მოთხოვნა სხვა ქვეყნებიდანაც არსებობდა, რაც არასაკმარისი პროდუქციის გამო ვერ დაკმაყოფილდა.

“ბულგარეთის ბაზარი დავიტოვეთ სარეალიზაციოდ. მსგავსი პროდუქციის მწარმოებელი ქვეყანაა და თუ აქ ნიშას დავიჭერთ, ევროპის სხვა ქვეყნებშიც გზა ხსნილი გვექნება. ეს ქვეყანა როგორც ინდიკატორი ავირჩიეთ,”-ამბობს ჯანელიძე.

საწარმოს დირექტორი განმარტავს, რომ ერთი კომპანია რამდენიმე ბაზრის ათვისებას დამოუკიდებლად ვერ შეძლებს და ამიტომ საჭიროა სასათბურე კლასტერის შექმნა, რაც ქართული პროდუქციის უცხოურ ბაზარზე დამკვიდრებას შეუწყობს ხელს.

სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ მოთხოვნასა და მიწოდებას შორის დისბალანსი იმიტომ ხდება, რომ ბიზნესი ვერ უწევს ორგანიზებას ადეკვატური პროდუქციის წარმოებას. მისი თქმით, აღნიშნული კომპეტენციის ნაკლებობას, საინვესტიციო შესაძლებლობებსა და სხვა ფაქტორებს უკავშირდება.





ფოტო: “ძველი ქალაქი”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *