ქუთაისის მერის გიორგი ჭიღვარიას ინიციატივით, ქალაქში არსებულ ყველა
კორპუსში ბუნებრივი აირის ქსელის შემოწმება დაიწყება. ასევე, ეტაპობრივად დაიწყება შესაძლო საფრთხის შემცველი ბუნებრივი აირის პოლიეთილენის მილების შეცვლა. იფორმაციას ქუთაისის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
ქუთაისის მერი სულხან-საბას 21 ა კორპუსის მაცხოვრებლებს შეხვდა. გიორგი ჭიღვარიას განცხადებით, ადგილობრივებს კორპუსის გარე ფასადზე მიმაგრებული ბუნებრივი აირის პოლიეთილენის მილები პრობლემებს უქმნის.
“სოკარის წარმომადგენელთან ერთად მოვედით ადგილზე, აქ არის ბუნებრივი აირის პოლიეთილენის მილები, რომელიც 2003-2005 წლებშია შეყვანილი. აღნიშნული პრობლემა აღმოსაფხვრელია. დღეს გავეცით დავალება და ქალაქის მასშტაბით ყველა კორპუსი შემოწმდება, შემდეგ ერთიან სიას გადავცემთ სოკარს. ისინი ეტაპობრივად დაიწყებენ პოლიეთილენის მილების შეცვლას. მიუხედავად იმისა, რომ როგორც სოკარის წარმომადგენლები ამბობენ, დღეს ის უსაფრთხოა, მომავალში შეიძლება პრობლემა შეუქმნას მოსახლეობას,”- განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.