“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”
განაგრძობს კვლევას მუნიციპალიტეტების მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ. ამჯერად კვლევა ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს ვებ-გვერდს ეხება. ჭიათურის საკრებულომ 2014 წლის 29 დეკემბერს მიღებული N47 დადგენილებით განსაზღვრა საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესი.
ორგანიზაციის განცხადებით, მერიისა და საკრებულოს ვებ-გვერდზე (http://chiatura.org.ge/) განთავსებული ინფორმაცია არ პასუხობს დადგენილებით ნაკისრი პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის ნუსხას;
“მიღებული დადგენილება არ მიესადაგება მთავრობის N219 დადგენილებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რომელიც განსაზღვრავს საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების მაღალ სტანდარტს; ჭიათურის საკრებულოს N47 დადგენილება არ ავალდებულებს მუნიციპალიტეტის ორგანოებს ისეთი მნიშვნელოვანი და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის შემცველი ინფორმაციის გამოქვეყნებას, როგორიცაა: ადმინისტრაციული ორგანოების საქმიანობის შესახებ წლიური ანგარიში; ადმინისტრაციული საჩივრის ფორმები/ნიმუშები და ინფორმაცია გასაჩივრების წესის შესახებ; ნორმატიული აქტები, რომლებიც განსაზღვარვენ ადმინისტრაციულ ორგანოში კონკურსის ჩატარების წესებსა დ კონკურსის შედეგებს; ინფორმაცია ადმინისტრაციული ორგანოს დაფინანსებისა და ხარჯთაღრიცხვის, ასევე სახელმწიფო შესყიდვებისა და სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ; საკრებულოს სხდომების ოქმები, პეტიციები და სხვა”.- წერია კვლევაში.