მთავრობის მეთაურის შეფასებით, საქართველოს ხელისუფლებამ,
კონკურენტუნარიანი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფისთვის, ყველაფერი გააკეთა, რაც არაერთხელ აღინიშნა საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ. პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე “ნაციონალური მოძრაობის” წევრის, გივი თარგამაძის ავტომანქანის აფეთქების ფაქტს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და მომხდარი სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ ნაბიჯად შეაფასა.
“ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა რამდენიმე დღის წინ. მიმდინარეობს გამოძიება და დამნაშავეები კანონის წინაშე უმკაცრესად აგებენ პასუხს, რადგან ეს იყო სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი. თუმცა, ამის მიუხედავად, მთლიანობაში წინასაარჩევნო გარემოს ჩრდილი ვერ მიადგება,” – აღნიშნა პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილი დარწმუნებულია, რომ არჩევნების დღე აბსოლუტურად მშვიდობიან გარემოში ჩაივლის და საქართველოს მოსახლეობა, არჩევნებში მონაწილეობით, აიღებს პასუხისმგებლობას ქვეყნის განვითარებაზე.