ქუთაისის საფეხბურთო გუნდი ,,ტორპედო” საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ

დაკავებულ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილს სოლიდარობას უცხადებს. 

,,ცნობილი ქართველი ექიმი, თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს ტრავმატოლოგ-ორთოპედი ვაჟა გაფრინდაშვილი რამდენიმე დღეა, რაც საოკუპაციო ძალებს ტყვეობაში ჰყავთ.

ვაჟა გაფრინდაშვილი საქმის ერთგული და პროფესიონალია. მისი ჟესტი ქართველობის სიმბოლოა. ჩვენი ქვეყანა დღეს სწორედ მისნაირ ქართველებზე დგას.

სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ გმირ ექიმს და იმედს გამოვთქვამთ, რომ ის ძალიან მალე დაუბრუნდება თავის ოჯახსა და პროფესიულ საქმიანობას, რომელსაც ყოველთვის მაღალკვალიფიციურად ასრულებს.” – ნათქვამია გუნდის ოფიციალურ განცხადებაში. 

ექიმი ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპანტებმა 9 ნოემბერს დააკავეს. ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ექიმს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. გაფრინდაშვილი საზღვრის გადაკვეთის ბრალდებას არ აღიარებს.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის განცხადებით, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები იმყოფებიან, რომელთა ვიზიტის ფარგლებში, ერთ-ერთი მთავარი საკითხი ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებაა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *