2020 წლის 1-ლი სექტემბრიდან მოძალადეებზე ელექტრონული

ზედამხედველობა დაწესდება. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

“2020 წლის 1-ლ სექტემბერს ძალაში შევიდა საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც ითვალისწინებს შემაკავებელი ორდერის გამოცემასთან ერთად, მოძალადის მიმართ ელექტრონული ზედამხედველობის დაწესების შესაძლებლობას, თუ სახეზეა ძალადობის განმეორების რეალური საფრთხე. ძალადობის განმეორების რისკის შეფასება ხორციელდება შემაკავებელი ორდერის ოქმში ინტეგრირებული კითხვარის საფუძველზე. ელექტრონული ზედამხედველობის დაწესების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, მხედველობაში მიიღება ძალადობის განმეორების რისკის დონე, მოძალადის მიერ წარსულში ძალადობრივი დანაშაულის ჩადენა, ძალადობის განხორციელებისას ცივი/ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების ფაქტი და სხვა გარემოებები,”-ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

ელექტრონული ზედამხედველობა ხორციელდება არაუმეტეს შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადით, რომელიც არ აღემატება 1 თვეს.

ელექტრონული ზედამხედველობის დაწესების შემთხვევაში მოძალადეს სხეულზე ელექტრონული სამაჯური უმაგრდება. აღნიშნულის შედეგად ხდება მოძალადის მსხვერპლთან და წინასწარ განსაზღვრულ ტერიტორიებთან მიახლოების რეალურ დროში კონტროლი.

ელექტრონული ზედამხედველობის დაწესების საკითხი ექვემდებარება სასამართლო კონტროლს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *